ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
311 ყოველივე ეს რომ დამთავრდა, გავიდა იქ მყოფი მთელი ისრაელი იუდას ქალაქებში და დალეწეს სვეტები, და გაჩეხეს აშერები, და დაანგრიეს გორაკები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემში, მენაშეში – ერთიანად. და დაბრუნდა ყველა ისრაელის ძე თავ-თავის სამკვიდრებელში, თავის ქალაქში. 2 და დააყენა იეხიზკიაჰუმ მღვდელთა და ლევიანთა დასები, მათი დასებისდა მიხედვით, თავ-თავიანთი სამსახურის შესასრულებლად, მღვდლებად, სრულადდასაწველისა და სამშვიდობო მსხვერპლის შესაწირავად, უფლის ბანაკის კარიბჭეში საქებრად და სადიდებლად. 3 და დააწესა მეფემ წილი თავისი ქონებიდან, სრულადდასაწველთათვის – დილის და მწუხრის სრულადდასაწველთათვის, შაბათების, ახალმთვარობების და დღესასწაულების აღსავლენთათვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი. 4 და უბრძანა იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს, რომ თავიანთი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისთვის და ლევიანებისათვის, რათა მტკიცედ დაეცვათ უფლის რჯული, 5 როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელის ძეთ ფქვილის, ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის ყველა მოსავლის პირველი ნაყოფი; და სხვა ყველაფრის მეათედიც უხვად მოიტანეს. 6 ისრაელის ძეთ და იუდას ქალაქების მკვიდრთ მოჰქონდათ მეათედი ხარ-ძროხიდან და ცხვრიდან, მეათედი შენაწირიდან, რომელიც უფლისთვის, თავიანი ღმერთისთვის, ჰქონდათ შეწირული. მოიტანეს და გროვად დაახვავეს. 7 მესამე თვეში დაიწყეს გროვების დახვავება და მეშვიდე თვეში მოამთავრეს. 8 და მოვიდნენ იეხიზკიაჰუ და მთავრები, და დაინახეს გროვები და აკურთხეს უფალი და მისი ერი – ისრაელი. 9 ჰკითხა იეხიზკიაჰუმ მღვდლებსა და ლევიანებს გროვების თაობაზე. 10 და უთხრა მას ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა, ცადოკის სახლის კაცმა, და უთხრა: „როცა დაიწყეს უფლის სახლში ძღვენის მოტანა, ძღომაზე ვჭამდით, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან უფალმა აკურთხა თავისი ერი, და მონარჩენიდან კიდევ ამდენი დარჩა.” 11 და თქვა იეხიზკიაჰუმ, ოთახები მოემზადებინათ უფლის სახლში. და მოამზადეს. 12 შეიტანეს პატიოსნად ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქანანიაჰუ, მისი ძმა შიმყი მეორე კაცი იყო. 13 იეხიელი, ყაზაზიაჰუ, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქიაჰუ. მახათი და ბენაიაჰუ მეთვალყურენი იყვნენ ქანანიაჰუსა და შიმყის, მისი ძმის, ხელქვეით, მეფე იეხიზკიაჰუსა და ყაზარიაჰუს, უფლის სახლის წინამძღვრის, ბრძანებით. 14 კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი ღვთისადმი ნებაყოფლობით შესაწირავზე იყო, რათა გაეცა უფლის ძღვენი და ყველაზე წმინდა შეწირულობა. 15 მის ხელქვეით მღვდელთა ქალაქებში იყვნენ: ყედენი, მინიამინი, იესო, შემაყიაჰუ, ამარიაჰუ, შექანიაჰუ, რომ პატიოსნად გაენაწილებინათ მოძმეთათვის, მათი დასებისდა მიხედვით, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის, 16 გარდა საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილთა, სამი წლის ასაკიდან მოყოლებული ყველა მამაკაცისთვის, უფლის სახლში ყველა მიმსვლელისა ყოველდღიურ საქმეზე, მათი სამსახურისთვის მათ თანამდებობისდა მიხედვით, 17 საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი მღვდლებისთვის, მათ მამისსახლთა მიხედვით, ოცი წლის ასაკს გადაცილებულ ლევიანთათვის, მათი თანამდებობისა და დასების მიხედვით. 18 საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა მათი წვრილშვილისათვის, ცოლებისთვის, ვაჟებისთვის და ასულებისთვის, მთელი კრებულისათვის, რადგან პატიოსნად განიწმიდნენ სიწმიდისათვის. 19 ხოლო აარონის ძეთათვის – მღვდელთათვის, მათი ქალაქების ირგვლივ, ველ-მინდვრებზე რომ მკვიდრობდნენ, ყოველ ქალაქში კაცები განაწესეს სახელდებით, რომ წილი მიეცათ ყოველი მამაკაცისთვის სამღვდელოთა შორის და საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა ლევიანისთვის. 20 ასე გააკეთა იეხიზკიაჰუმ მთელ იუდაში, და იგი სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით გააკეთა უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე. 21 ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა.