ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
321 ამ პატიოსან საქმეთა შემდეგ მოვიდა სანხერიბი, აშურის მეფე, შემოიჭრა იუდაში და ალყა შემოარტყა ციხე-ქალაქებს. მათ გატეხას ფიქრობდა. 2 როცა დაინახა იეხიზკიაჰუმ, რომ მოვიდა სანხერიბი და იერუსალიმზე ლაშქრობას აპირებს, 3 გადაწყვიტა თავის სარდლებთან და თავის მებრძოლებთან ერთად, ამოევსოთ წყაროს სათავეები, რომლებიც ქალაქის გარეთ იყო, და ისინიც მიეხმარნენ. 4 შეიყარა უამრავი ხალხი და დაწყვიტეს ყველა სათავე და ნაკადული, რაც კი დიოდა იმ მიწაზე, რადგან თქვეს: „რატომ უნდა ნახონო მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი?” 5 მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები. 6 ჯარის უფროსები დაუყენა ხალხს, შემოიკრიბა ისინი ქალაქის კარიბჭის მოედანზე და გაამხნევა: 7 „განმტკიცდით და გაძლიერდით! ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე, თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მასთან. 8 მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი უფალი, ჩვენი ღმერთი, რათა შეგვეწიოს და იბრძოლოს ჩვენს ბრძოლებში.” გამხნევდა ხალხი იეხიზკიაჰუს, იუდას მეფის, სიტყვებზე. 9 ამის შემდეგ სანხერიბმა, აშურის მეფემ, რომელიც მთელი თავისი ლაშქრითურთ ლაქიშის წინ იდგა, გაუგზავნა თავისი მსახურნი იერუსალიმში იეხიზკიაჰუს, იუდას მეფეს, და მთელ იუდას, იერუსალიმში მყოფს, რომ ეთქვათ: 10 „ასე ამბობს სანხერიბი, აშურის მეფე: ‘რისი იმედი გაქვთ, იერუსალიმის ციხე-სიმაგრეში რომ ჩამსხდარხართ? 11 განა იეხიზკიაჰუ არ გაცთუნებთ, რომ შიმშილითა და წყურვილით ამოგხადოთ სული, როცა გეუბნებათ, უფალი, ჩვენი ღმერთი, გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან? 12 განა მაგ იეხიზკიაჰუმ არ დაანგრია მისი გორაკები და სამსხვერპლოები? განა ასე არ უთხრა იუდასა და იერუსალიმს, ერთი სამსხვერპლოს წინაშე უნდა სცეთო თაყვანი და მასზე უნდა აკმიოთო საკმეველი? 13 განა არ იცით, რა დღე დავაწიეთ მე და ჩემმა მამა-პაპამ ქვეყნის ყველა ხალხს? განა შეძლეს ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ჩემი ხელიდან ეხსნათ მათი ქვეყნები? 14 რომელი იყო ჩემი მამა-პაპის განადგურებულ ამ ხალხების ღმერთთაგან ისეთი, თავისი ხალხი რომ ეხსნა ჩემი ხელიდან, რომ ახლა თქვენმა ღმერთმა გიხსნათ ჩემი ხელიდან? 15 ახლა არ მოგატყუოთ იეხიზკიაჰუმ და არ გაცთუნოთ ამგვარად. არ დაუჯეროთ მას, რაკი ვერცერთი ხალხის და სამეფოს ვერცერთმა ღმერთმა ვერ შეძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელიდან, ვერც თქვენი ღმერთი ვერ გიხსნით ჩემი ხელიდან.’” 16 კიდევ ელაპარაკნენ მისი მსახურნი უფლის, მათი ღმერთის, წინააღმდეგ და მისი მსახურის, იეხიზკიაჰუს, წინააღმდეგ. 17 უფლის, ისრაელის ღმერთის, სალანძღავ წერილებს წერდა იგი და ასეთ სიტყვებს ამბობდა მასზე: „როგორც ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ვერ იხსნეს თავისი ხალხი ჩემი ხელიდან, ასევე ვერც იეხიზკიაჰუს ღმერთი ვერ იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან,” 18 ხმამაღლა უყვიროდნენ ებრაულად იერუსალიმის ხალხს, გალავანზე მყოფს, რომ შეეშინებინათ და თავზარი დაეცათ, და აეღოთ ქალაქი. 19 ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღმერთზე, როგორც ქვეყნის ხალხთა ღმერთებზე, ადამიანის ხელით შექმნილზე. 20 ილოცეს მეფე იეხიზკიაჰუმ და წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ, ამის გამო და ცას შეჰღაღადეს. 21 მოავლინა უფალმა ანგელოზი და ამოწყვიტა აშურის მეფის ბანაკში ყველა მაგარი ვაჟკაცი, წინამძღოლი და სარდალი. შერცხვენილი გაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში და, როცა თავისი ღმერთის სახლში შევიდა, მისი წიაღიდან გამოსულებმა მახვილით განგმირეს იქ. 22 იხსნა უფალმა იეხიზკიაჰუ და იერუსალიმის მკვიდრნი სანხერიბისა, აშურის მეფის, და ყველას ხელიდან, და დაიფარა ყოველი მხრიდან. 23 მრავალს მოჰქონდა იერუსალიმში ძღვენი უფლისათვის და რჩეული საჩუქრები იეხიზკიაჰუსთვის, იუდას მეფისთვის. მას აქეთ ამაღლდა იგი ყველა ხალხის თვალში. 24 იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა იეხიზკიაჰუ და შეევედრა უფალს. ელაპარაკა უფალი და მისცა ნიშანი. 25 არ მიაგო იეხიზკიაჰუმ სანაცვლო. მასზე გაწეული სიკეთისთვის, რადგან გადიდგულდა. და იყო რისხვა მასზე, იუდაზეც და იერუსალიმზეც. 26 მოდრკა იეხიზკიაჰუ თავის დიდგულობაში და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრი, და აღარ დასტყდომიათ ღვთის რისხვა იეხიზკიაჰუს დღეებში. 27 დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა იხეიზკიაჰუს. საგანძურები გაიჩინა ვერცხლისთვის, ოქროსთვის, ძვირფასი ქვებისთვის, ნელსაცხებლებისთვის, ფარებისთვის და ყოველი სასურველი ნივთისთვის. 28 საცავები – ნაყოფთათვის: პურისთვის, ღვინისთვის და ზეთისთვის; გომურები ყოველგვარი პირუტყვისთვის, და ფარეხები ფარებისთვის. 29 აიშენა თავისთვის ქალაქებიც. ცხვარ-ძროხის ჯოგები მრავლად ჰყავდა, რადგან ღმერთმა მას დიდძალი დოვლათი მისცა. 30 მანვე, იეხიზკიაჰუმ, გადაკეტა გიხონის ზემო წყაროების სათავე და ქვემოთ ჩამოიყვანა, დავითის ქალაქის დასავლეთ მხარეზე. წარმატება ჰქონდა იეხიზკიაჰუს ყველა თავის საქმეში. 31 მხოლოდ მასთან ქვეყანაში მომხდარი სასწაულის გამოსაძიებლად, მიუშვა იგი ღმერთმა, რომ გამოეცადა და სცოდნოდა ყოველი მისი გულისნადები. 32 იეხიზკიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი სიკეთენი წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის, ხილვაში და იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. 33 განისვენა იეხიზკიაჰუმ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი დავითიანთა სამარხების აღსავალზე. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდეგ მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე, გამეფდა.