ესაია 5

ივლისი 1, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
51 ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს ჩემი სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს შეყვარებულს ნაყოფიერ გორაკზე. 2 და მოხნა იგი და გაასუფთავა ქვებისაგან, და ჩაყარა რჩეული ვაზი, და ააგო კოშკი მის შუაგულში, და საწნახელიც ამოკვეთა მასში, და ესავდა, რომ ყურძენს მოისხამდა, მაგრამ მოისხა მან ველური ნაყოფი. 3 „და ახლა, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას კაცნო, გთხოვთ განმსაჯოთ მე: 4 რა უნდა გამეკეთებინა მეტი ჩემი ვენახისათვის და არ გავუკეთე მას? რატომ ვესავდი, რომ ყურძენს მოისხამდა იგი, მაგრამ ველური ნაყოფი მოისხა? 5 და ახლა კი გაუწყებთ თქვენ, თუ რას გავუკეთებ ჩემს ვენახს: შემოვაცლი მას კაწანს და იქნება საძოვრად, შემოვაცლი მას ღობეს და იქნება გასათელად. 6 და უკაცრიელად ვაქცევ მას, და არ გაისხლება და არ გაიმარგლება; და გაიზრდება ის ნარ-ეკლად და ღრუბლებს ვუბრძანებ არ აწვიმონ მასზე წვიმა.” 7 რადგან უფალ ცაბაოთის ვენახი ისრაელის სახლია, და იუდას კაცი ნერგია მისი სიამისა; და ესავდა ის სამართალს და აჰა – ძალადობა! ესავდა სიმართლეს და აჰა – ღაღადი! 8 ვაი სახლზე სახლის მიმმატებელს და მინდვრისა – მინდორზე, ისე, რომ საწყალს არ რჩება ადგილი და მარტო თქვენ იცხოვრებთ დედამიწის ზურგზე. 9 ჩემს გასაგონად თქვა უფალმა ცაბაოთმა: „მართლაც ბევრი სახლი გაუდაბურდება, დიდები და კარგები – მცხოვრებთა გარეშე. 10 „რადგან ათუღელის ვენახი ერთ ბათს გამოიღებს და ხომერი თესლი ეფას გამოიღებს.” 11 ვაი დილაადრიან ამდგართ, რომელნიც სასმელს მისდევენ და გვიან ღამემდე უსხედან – ღვინო აღაგზნებს მათ. 12 და ქნარი და ებანი, დაფი და სტვირი, და ღვინოა მათ ნადიმებზე; და უფლის საქმეს არ უყურებენ, და მის ხელთა ქმნილებას ვერ ხედავენ. 13 ამიტომ განიდევნება ჩემი ხალხი უგონობის გამო და მისი ღირსეულნი შიმშილით დაიხოცებიან, და მისი ბრბო კი – წყურვილით. 14 ამიტომ გააფართოვა შავეთმა თავისი ყელი და დააფჩინა თავისი პირი; და იქ ჩავა მისი ბრწყინვალება და მისი ხმაურიანი და ხალისიანი ბრბო. 15 და დამდაბლდება ადამიანი და დამცირდება კაცი, და ქედმაღალთა თვალები დაიხრება. 16 და განდიდდება უფალი ცაბაოთი სამართლით, და წმიდა ღმერთი განიწმიდება სიმართლით. 17 და დაიმწყემსება ცხვარი, როგორც თავის საძოვარზე, და მდიდართა ნარჩენებს მწირნი შეჭამენ. 18 ვაი, ურმის ღვედებივით, ამაოების საბელებით ურჯულოებისა და ცოდვის მიმზიდველთ, 19 რომელნიც ამბობენ: „ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რათა ვიხილოთ და მოახლოვდეს, და მოვიდეს რჩევა ისრაელის წმიდისა და გვეცოდინება!” 20 ვაი მათ, რომელნიც ავს კარგს უწოდებენ და კარგს – ავს, სიბნელეს სინათლედ თვლიან და სინათლეს – სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლიან და ტკბილს – მწარედ. 21 ვაი მათ, რომელნიც ბრძენნი არიან საკუთარ თვალში და გონიერნი – თავის წინაშე. 22 ვაი ღვინის სმაში ვაჟკაცთ და მის ჩამოსხმაში მამაცთ; 23 ქრთამით დამნაშავის გამმართლებელთ და მართალთაგან მისი სიმართლის წამრთმევთ. 24 ამიტომ, როგორც ბზეს შეჭამს ცეცხლის ენა და თივა დაიფერფლება ალში, მათი ფესვი ხრწნასავით იქცევა და მათი ყვავილი მტვერივით აიყრება, რადგან უკუაგდეს უფალ ცაბაოთის რჯული და ისრაელის წმიდის ნათქვამი მოიძულეს. 25 ამის გამო აენთება უფლის რისხვა მის ხალხზე, და გაიწვდენს ის თავის ხელს მასზე და დასცემს მას. და შედრკებიან მთები; და მათი მძორი სკორესავით იქნება ქუჩებში, მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი ისევ იქნება მოღერებული. 26 და ის ნიშანს აუწევს ერებს შორიდან და დაუსტვენს მას ქვეყნის კიდიდან; და სწრაფად, მსუბუქად მოვა. 27 და არ ეყოლებათ მათ არც დაღლილი და არც დაქანცული, არც ჩასთვლემენ და არც ჩაიძინებენ. და არ გაიხსნება მათი წელზე შემოსარტყმელი, და არ გაწყდება მათი ფეხსაცმლის თასმა. 28 მათი ისრები დალესილია და მათი ყველა მშვილდი დაჭიმულია; მათი ცხენების ფლოქვები კაჟის მსგავსია და მათი ბორბლები გრიგალივითაა. 29 მათი ღრიალი ლომის ღრიალივითაა და ღრიალებენ ისინი, ვით ლომის ბოკვერნი. და დაიღმუვლებენ ისინი და დაიტაცებენ ნადავლს, და წაათრევს და არავინ იქნება გადამრჩენელი. 30 და დაიღმუვლებენ მასზე იმ დღეს ზღვის ღმუილით. და ვინც შეხედავს ქვეყანას, დაინახავს სიბნელეს და უბედურებას; და სინათლეც დაბნელდება მის ბურუსში.
თავი მეოთხე                                                                                                                                             თავი მეექვსე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close