იგავნი სოლომონისა 6

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
61 შვილო ჩემო, თუ თავდებად დაუდექი შენს მოყვასს, ხელი ხელზე დაურტყი უცხოს, 2 ბადეში გაები შენი პირის ნათქვამით, შეპყრობილი ხარ შენი პირის ნათქვამით. 3 ასე მოიქეცი, შვილო ჩემო და გადარჩები, თუ ხელში ჩაუვარდი შენს მოყვასს: წადი, ემთხვიე და ევედრე მოყვასს. 4 ნუ მიაკარებ ძილს შენს თვალებს და რულს შენს ქუთუთოებს, 5 გადაირჩინე თავი, ვით ქურციკმა მონადირის ხელიდან და ფრინველმა – ფრინველთმჭერის ხელიდან. 6 წადი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, ნახე მისი გზები და დაბრძენდი. 7 არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი და არც ბატონი. 8 იმზადებს ზაფხულში თავის პურს, აგროვებს მკის დროს თავის საზრდოს. 9 როდემდე იწვები, ზარმაცო, როდის ადგები შენი ძილიდან? 10 ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა დასაწოლად, 11 და მოვა, როგორც მგზავრი, შენი სიღატაკე და გაჭირვება, როგორც ჯარისკაცი. 12 არამზადა ადამიანი, უსამართლო კაცი დადის მრუდი პირით, 13 თვალს ჩაუკრავს, გაუხახუნებს ფეხს, ანიშნებს თავისი თითებით. 14 უმტკიცობაა მის გულში, ბოროტს განიზრახავს ყოველ ჟამს, განხეთქილებას თესავს. 15 ამის გამო უეცრად მოვა მისი დაღუპვა, უცბად დაილეწება და არ ექნება მას კურნება. 16 ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: 17 ზვიადი თვალები, მატყუარა ენა, ხელები, უდანაშაულო სისხლის დამღვრელნი, 18 გული – ბოროტი განზრახვების განმზრახველი, ფეხნი – სწრაფად მორბენალნი ბოროტებისაკენ, 19 ცრუ მოწმე, მზაკვრობის წარმომთქმელი და განხეთქილების დამთესავი ძმათა შორის. 20 დაიცავი, შვილო ჩემო, მამაშენის მცნებანი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ. 21 დაიბნიე შენს გულზე სამუდამოდ, შეიბნიე შენს ყელზე. 22 სიარულისას წინ წარგიძღვება, დაწოლისას დაგიფარავს, გამოღვიძებისას საუბარს დაგიწყებს. 23 რადგან მცნება სანთელია და მოძღვრება – სინათლე, ცხოვრების გზა კი – დამრიგებლური შეგონება. 24 რათა დაგიფაროს შენ ბოროტი ქალისაგან, უცხოელის ლაქარდიანი ენისაგან. 25 ნუ ისურვებ მის სილამაზეს შენს გულში და ნუ გაგიტაცებს თავისი წამწამების ხამხამით. 26 რადგან მეძავი ქალის მიზეზით მათხოვრდებიან ლუკმა პურამდე; ქმრიანი კი შენს ძვირფას სულს ინადირებს. 27 განა შეხვეტს ვინმე ცეცხლს თავის უბეში ტანსაცმელის დაუწველად? 28 თუ გაივლის ვინმე ნაკვერცხლებზე, ფეხების დაუწველად? 29 ასევეა თავისი მოყვასის ცოლთან მიმსვლელიც, არავინ გამართლდება მისი მიმკარებელი. 30 არ შეიზიზღებენ ქურდს, თუ იპარავს გაძღომისათვის, როდესაც მშიერია. 31 მაგრამ თუ იპოვნიან, შვიდმაგად გადაიხდის, თავისი სახლის მთელ ქონებას მისცემს. 32 ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია. სპობს თავის სულს, ვინც ამას სჩადის. 33 ცემასა და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წაირეცხება. 34 რადგან ეჭვიანობა მამაკაცის გულისწყრომაა, და არ დაინდობს ის შურისგების დღეს. 35 არ შეხედავს არავითარ გამოსასყიდს და არ დაკმაყოფილდება, რაც უნდა უმრავლო ქრთამი.
თავი მეხუთე                                                                                                                                             თავი მეშვიდე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close