ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
101 იგავნი სოლომონისა ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი შვილი კი დედამისის დარდია. 2 სარგებელი არ მოაქვს უკეთურ საგანძურს, მოწყალება კი სიკვდილისაგან იხსნის. 3 უფალი არ დაამშევს მართლის სულს, უკეთურთა სიხარბეს კი ხელს ჰკრავს. 4 გლახაკად აქცევს მოშვებული მაჯა, მუყაითთა ხელი კი ამდიდრებს. 5 ზაფხულში მომკრეფი ჭკვიანია, მკის დროს მძინარე – სირცხვილის შვილი. 6 კურთხევაა მართლის თავზე, უკეთურთა პირი კი ძალადობას ფარავს. 7 მართლის ხსოვნა კურთხეულ იქნება, უკეთურთა სახელი კი დალპება. 8 გულით ბრძენი მიიღებს მცნებებს, ხოლო ბაგით სულელი წაფორხილდება. 9 სიმართლეში მოარული უშიშრად ივლის და თავისი გზის გამმრუდებელი გამომჟღავნდება. 10 თვალის ჩამკვრელი მხოლოდ დარდს იწვევს, ბაგით სულელი კი წაფორხილდება. 11 სიცოცხლის წყაროა მართლის პირი, უკეთურთა პირი კი ძალადობას ფარავს. 12 სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს. 13 კეთილგონიერის ბაგეში სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგზე კი – წკეპლა. 14 ბრძენნი ცოდნას აგროვებენ, სულელის პირი კი – მოახლოებულ განადგურებას. 15 მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია, ღარიბთა განადგურება – მათი სიღატაკე. 16 მართლის შრომა სიცოცხლისთვისაა, უკეთურის მოსავალი – ცოდვისათვის. 17 დარიგების შემნახველი სიცოცხლის გზით დადის, შეგონების უკუმგდებელი კი გზას სცდება. 18 ვინც სიძულვილს ფარავს, ცრუ ბაგეები აქვს, და ვინც ცილისმწამებლობს, ბრიყვია. 19 ბევრი ლაპარაკით არ დაყოვნდება დანაშაული, ის კი, ვინც აკავებს თავის ბაგეებს, ჭკვიანია. 20 მართლის ენა რჩეული ვერცხლია, უკეთურთა გული კი – მწირი. 21 მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი ჭკუანაკლულობით დაიხოცებიან. 22 უფლის კურთხევა ამდიდრებს და დარდი არ ემატება მას. 23 გართობასავით აქვს ბრიყვს ბოროტმოქმედება, ხოლო სიბრძნე – გონიერ კაცს. 24 რისაც ეშინია უკეთურს, ის მიეწევა მას, მართალთა წადილს კი სრულდება. 25 გადაივლის ქარიშხალი და აღარ არის უკეთური, მართალი კი საუკუნო საფუძველია. 26 ვით ძმარი კბილებისათვის და კვამლი თვალებისათვის, ისეა ზარმაცი მის წარმგზავნელთათვის. 27 უფლის შიში დღეებს უმატებს, უკეთურთა წლები კი მოკლდება. 28 მართალთა სასოება სიხარულია, უკეთურთა იმედი კი დაიღუპება. 29 უფლის გზა სიმაგრეა უბიწოსთვის, ავისმქნელთათვის კი – განადგურება. 30 მართალი საუკუნოდ არ წაბორძიკდება, უკეთურნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე. 31 მართლის პირი სიბრძნეს გამოისხამს, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება. 32 მართლის ბაგეებმა იციან, რა არის მოსაწონი, უკეთურთა პირმა კი – მხოლოდ უკუღმართობა.