ესაია 11

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
111 და გამოვა ყლორტი იესეს კუნძიდან და ნორჩი ნერგი მისი ფესვებიდან ნაყოფს გამოიღებს. 2 და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა. 3 უფლის მოშიშებაშია მისი განცხრომა და თავისი თვალთახედვით არ გაასამართლებს, და თავისი ყურთასმენით არ ამხილებს. 4 და სიმართლით გაასამართლებს ღატაკთ და სისწორით განიკითხავს ქვეყნის ჩაგრულთ, და კვერთხით თავისი ბაგისა დასცემს ქვეყანას და თავის ბაგეთა სუნთქვით მოკლავს უკეთურს. 5 და იქნება სიმართლე სარტყელი მისი წელისა და ჭეშმარიტება – სარტყელი მისი თეძოებისა. 6 და მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. 7 ძროხა და დათვი ერთად დაიმწყემსება, და მათი შვილები ერთად წამოწვებიან, და ლომი ხარივით შეჭამს ჩალას. 8 ძუძუთა ბავშვი ასპიტის ხვრელზე ითამაშებს და ძუძუს მოწყვეტილი ხელს გაიშვერს გველგესლას ბუნაგზე. 9 არ იბოროტებენ და არ დაღუპავენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, რადგან ქვეყანა სავსე იქნება უფლის ცოდნით, როგორც ზღვაა დაფარული წყლებით. 10 და იქნება იმ დღეს: ფესვი იესესი, რომელიც ნიშნად დგას ხალხებისათვის და მისკენ გაემართებიან ერები, და დიდება იქნება მისი განსასვენებელი. 11 და იქნება იმ დღეს: უფალი ისევ, მეორედ გაიწვდენს თავის ხელს, რათა გამოისყიდოს ნარჩენი თავისი ხალხისა, რომელიც დარჩება, აშურიდან და ეგვიპტიდან, ფათროსიდან და ქუშDიდან, ყელამიიდან და შინყარიდან, ხამათიდან და ზღვის კუნძულებიდან. 12 და დროშას აღუმართავს ერებს, და შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და გაფანტულთ – იუდადან, შეაგროვებს ქვეყნის ოთხივე კიდიდან. 13 და გაქრება შური ეფრემისა, და იუდას შემჭირვებლები ამოწყდებიან. ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი, და იუდა აღარ შეაჭირვებს ეფრემს. 14 და დააფრინდებიან ფილისტიმელთა კალთებს დასავლეთიდან, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ძეთ, ედომი და მოაბი იქნებიან მათი ხელგადასაწვდომი, და ყამონის ძენი დაემორჩილებიან მათ. 15 ამოაშრობს უფალი ყურეს ეგვიპტის ზღვისა; და ხელს მოიქნევს მდინარეზე თავის ძლიერ ქარში, და განწვალავს მას შვიდ ნაკადად, და ფეხსამოსით გაატარებს ხალხს. 16 და ექნება გზა მისი ხალხის ნარჩენს, აშურს რომ გადაურჩა, როგორც ჰქონდა ისრაელს ეგვიპტიდან მისი გამოსვლის დღეს.
თავი მეათე                                                                                                                                         თავი მეთორმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close