იგავნი სოლომონისა 29

ივლისი 9, 2015
ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
291 კაცი, რომელსაც ამხელენ და მაინც ჯიუტობს, უცებ განადგურდება და არ ექნება კურნება. 2 მართალთა განდიდებისას ხარობს ხალხი, ხოლო უკეთურთა ბატონობისას კვნესის ხალხი. 3 კაცი, მოყვარული სიბრძნისა, ახარებს თავის მამას, ხოლო მეძავთა მეგობარი ქონებას დაკარგავს. 4 მეფე სამართლით დააფუძნებს ქვეყანას, ხოლო მექრთამე კაცი დაამხობს მას. 5 მამაკაცი, რომელიც თავის მოყვასთან მლიქვნელობს, ბადეს უგებს თავისსავე ფეხთ. 6 ბოროტი კაცის დანაშაულში ხაფანგია, ხოლო მართალი იმღერებს და იმხიარულებს. 7 მართალმა იცის ღარიბთა სამართალი, უკეთურს არა აქვს ეს ცოდნა. 8 თავქარიანი კაცები ცეცხლივით უბერავენ ქალაქს, ხოლო ბრძენნი უკუაქცევენ რისხვას. 9 სულელ კაცთან მოდავე ბრძენკაცი თუ ბრაზობს ან თუ იცინის, მაინც არა აქვს მოსვენება. 10 სისხლის მოყვარულ კაცებს სძულთ უბიწო, ხოლო წრფელნი ზრუნავენ მის სულზე. 11 მთელ თავის რისხვას ღვრის ბრიყვი, ხოლო ბრძენი იკავებს მას. 12 სიცრუის ყურისმგდებელ ბატონს ყველა მსახური უკეთური ჰყავს. 13 ღატაკს და თაღლითს ერთი აქვთ საერთო: ორივეს თვალთა გამნათებელი უფალია. 14 მეფე, რომელიც სიმართლით ასამართლებს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს. 15 შოლტი და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას. 16 უკეთურთა მომრავლებისას მრავლდება დანაშაული, მართალნი კი მათ დამხობას იხილავენ. 17 დასაჯე შენი შვილი და ის დაგამშვიდებს შენ და შვებას მოჰგვრის შენს სულს. 18 ხილვათა გარეშე თავს აიშვებს ხალხი, ხოლო რჯულის დამცველი ნეტარია. 19 სიტყვებით არ გაიწვრთნება მონა, რადგან კიდევაც რომ გაიგოს, არ გაეპასუხება. 20 ხომ გინახავს სიტყვაჩქარი კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს. 21 ვინც თვის მონას ანებივრებს სიყმაწვილიდან, საბოლოოდ ის მონა პატრონად იქცევა. 22 მრისხანე კაცი შუღლს იწვევს და გულფიცხი კაცი – მრავალ დანაშაულს. 23 ქედმაღლობა დაამდაბლებს კაცს, და თავმდაბლობა მოუტანს დიდებას. 24 ქურდთან მოზიარეს სძულს თავისი თავი, ფიცს ისმენს, მაგრამ არაფერს ამბობს. 25 ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება. 26 მრავალი ეძებს ბატონის კეთილგანწყობილ სახეს, მაგრამ უფლისაგანაა კაცის განაჩენი. 27 მართალთათვის სისაძაგლეა უსამართლო კაცი, ხოლო უკეთურთათვის სისაძაგლე – სწორი გზით მავალი.
თავი ოცდამერვე                                                                                                                              თავი ოცდამეათე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close