ფსალმუნები 77

By
ივლისი 10, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

771 მოძღვრება; ასაფისა. ისმინე, ჩემო ხალხო, ჩემი რჯული; ყური მიაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს. 2 ისმინეთ, იგავებისთვის გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა. 3 რაც მოვისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა რაც გვიამბეს, 4 არ დავუმალავთ მათ შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა. 5 დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის; 6 რათა შეიტყოს მომავლმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს. 7 და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი 8 და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო ჰყო უფლის მიმართ თავისი სული. 9 ძენი ეფრემისა აღჭურვილნი და მშვილდმოზიდულნი უკუიქცნენ ბრძოლის დღეს. 10 მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს. 11 საქმენი მისი დაივიწყეს და სასწაული, მათ რომ მოუვლინა. 12 მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე. 13 გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები, 14 და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე – ცეცხლის შუქით. 15 გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან. 16 გამოადინა ნაკადები კლდიდან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით. 17 ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში. 18 ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისათვის. 19 და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: „შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას? 20 აჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?” 21 ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და რისხვა ისრაელზე აღზევდა, 22 რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველას არ მიენდნენ. 23 და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან, და გახსნა ცათა ბჭეები; 24 და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ, და ციური პური მისცა მათ. 25 ანგელოზთა პურს ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად. 26 აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი, 27 და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მიწა-მტვერი, და ვითრაცა ზღვის ქვიშა – ფრთოსანი ფრინველი. 28 და ჩამოყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, მათი საცხოვრისების გარშემო. 29 ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი. 30 ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ, 31 რომ ღვთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები, და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა. 32 მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები. 33 და დაასრულა ვითარცა ამაოება მათი დღეები და მათი წლები – ძრწოლით. 34 როცა ხოცავდა, მაშინ ეძებდნენ მას და კვლავ ბრუნდებოდნენ ღმერთისაკენ. 35 და იხსენებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა, და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია. 36 და ელაქუცებოდნენ მას პირით, და ენით ეცრუებოდნენ მას; 37 რადგან არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ. 38 და ის – გულმოწყალე – შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას. 39 რადგან ახსოვდა, რომ ხორციელნი არიან ისინი, ქარი, რომელიც ჩაიქროლებს და აღარ დაბრუნდება. 40 რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს იგი უკაცრიელ ადგილას. 41 და ცდიდნენ უფალს ისევ და ისევ, და შეურაცხყოფდნენ ისრაელის სიწმიდეს. 42 არ გაიხსენეს ხელი მისი, დღეების, როცა დაიხსნა ისინი მტრისაგან; 43 როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში თავისი სასწაულები, და საოცრებანი ცოყანის ველზე; 44 როცა გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ. 45 მიუსია მათ მწერი, რომ დაეკბინათ ისინი; და – მყვარი, რომ დაეღუპათ ისინი. 46 და მისცა მუხლუხოს მათი მოსავალი, და მათი ნაჯაფი – კალიას; 47 სეტყვით მოსრა ვენახი მათი, და ლეღვიანები მათნი – თრთვილით; 48 და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი, და ხორშაკ ქარებს – ჯოგები მათი; 49 მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები; 50 გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა; 51 განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი – ქამის კარვებში. 52 ცხვარივით გაირეკა თავისი ერი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა. 53 ფხიზლად უძღოდა მათ და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა. 54 მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ. 55 განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მიწები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ისრაელის ტომები. 56 კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ უზენაეს ღმერთს, და მისი მცნებანი არ დაიცვეს. 57 უკან იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით. 58 განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გამოაღვიძეს მისი შური. 59 მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეტად შეიძულა ისრაელი. 60 და მიატოვა შილოს სავანე, კარავი, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული. 61 და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი – მტრის ხელთ. 62 და გასწირა მახვილისათვის თავისი ხალხი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა. 63 მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა, და მისმა ქალწულებმა ვერ მოისმინეს საქორწილო სიმღერა. 64 მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ, და მათმა ქვრივებმა ვერ დაიტირეს. 65 და გაიღვიძა უფალმა, ვითარცა მძინარემ, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა. 66 და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ. 67 დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია. 68 ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარს. 69 მოაწყო ცასავით თავისი ტაძარი, დედამიწასავით, რომელიც სამუდამოდ დააფუძნა. 70 ამოირჩია დავითი, თავისი მონა და წამოიყვანა ის ცხვრის ფარებიდან. 71 ცხვარს დასდევდა, და წამოიყვანა ის, რათა ემწყემსა იაკობი – თავისი ერი – და ისრაელი, თავისი წილხვედრი. 72 და მწყემსა ისინი ერთგულებით და თავისი მარჯვე ხელით უძღოდა მათ.

ფსალმუნი 76                                                                                                                                              ფსალმუნი 78

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close