ფსალმუნები 82

By
ივლისი 14, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

821 გალობა. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო, ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და ნუ დამშვიდდები! 2 რადგან აჰა, შენი მტრები ხმაურობენ, და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს. 3 შენი ერის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ მათზე, ვისაც შენ იფარავ. 4 თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი, როგორც ერი და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა.” 5 მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა; 6 ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა; 7 გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტინელებმა ცორელებთან ერთად. 8 აშურიც მათ დაუმეგობრდა, და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის. 9 დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე; 10 განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ მინდვრისათვის. 11 მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზებს, და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნაყს, ყველა მათს მთავარს, 12 რომ ამბობდნენ: „დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი ღვთისა.” 13 ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში; 14 ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების მბუგავი; 15 ისე დაედევნე მათ შენი რისხვით, და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი! 16 აავსე მათი პირი სირცხვილით, რომ ეძებდნენ შენს სახელს, უფალო. 17 შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან. 18 მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე.

ფსალმუნი 81                                                                                                                                           ფსალმუნი 83

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close