იერემია 33

ივლისი 18, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
331 და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ მეორედ, როდესაც ის ჯერ კიდევ დაპატიმრებული იყო საყარაულო ეზოში. 2 „ასე თქვა უფალმა, რომელმაც შექმნა მიწა, რომელმაც გამოსახა, რათა დაემყარებინა იგი, უფალია სახელი მისი! 3 ‘მომიხმე მე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდს და მიუწვდომელს, რომლებიც არ იცოდი შენ, 4 რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ამ ქალაქის სახლებზე და იუდას მეფეთა სახლებზე, რომლებიც მიწაყრილთა და მახვილთა გამოა დანგრეული მათ მიერ, 5 რომლებიც მოდიან ქალდეველებთან საბრძოლველად და იმ ადამიანთა გვამებით მათ ასავსებად, რომლებიც მე დავხოცე ჩემს რისხვასა და გულისწყრომაში, რომ დავუმალე ჩემი პირი ამ ქალაქს ყველა მათი ბოროტების გამო: 6 აჰა, მე მოვუტან მათ მორჩენასა და განკურნებას, და მე განვკურნავ მათ და გავუხსნი მათ მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიუხვეს, 7 და დავაბრუნებ იუდას და ისრაელს ტყვეობიდან და ავაშენებ მათ, როგორც თავდაპირველად იყო. 8 და განვწმედ მათ ყველა მათი ურჯულოებისაგან, რომლითაც მათ შესცოდეს ჩემს მიმართ, და მივუტევებ მათ დანაშაულს, რომლითაც მათ შესცოდეს ჩემს მიმართ და რომლითაც განმიდგნენ მე. 9 და იქნება ჩვენთვის სასიხარულოდ, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხის წინაშე, რომლებიც მოისმენენ ყველა ამ სიკეთეზე, რომელსაც მე ვიქმ, და შეშინდებიან და შეძრწუნდებიან ყველა სიკეთისა და მშვიდობის გამო, რომელსაც მე მივუზღავ მას.’ 10 თქვა უფალმა: ‘ამ ადგილას, რომელზეც თქვენ ამბობთ: აოხრებულია, უკაცრიელი და უსაქონლოა, კვლავ გაისმება იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, რომლებიც დაცარიელებული, უკაცრიელი, უმოსახლო და უსაქონლოა, 11 მხიარულების ხმა და ლხენის ხმა, ნეფის ხმა და პატარძლის ხმა, ხმა მთქმელთა: ადიდეთ უფალი ცაბაოთი, რადგან კეთილია უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მოიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან, როგორც თავდაპირველად იყო.” – სიტყვა უფლისა. 12 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: ‘ამ ადგილას, რომელიც აოხრებული, უკაცრიელი და უსაქონლოა, და მის ყველა ქალაქში კიდევ იქნება ბინა მწყემსთა, რომლებიც დაყრიან ფარას. 13 მთის ქალაქებსა და დაბლობ ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებსა და ბენიამინის ქვეყანაში, იერუსალიმის გარეუბნებში და იუდას ქალაქებში კიდევ გაივლის ცხვარი დამთვლელის ხელის ქვეშ,’ – სიტყვა უფლისა. 14 ‘აჰა, მოდის დღეები,’ სიტყვა უფლისა, ‘და მე აღვადგენ იმ კეთილ სიტყვას, რომელიც მე წარმოვთქვი ისრაელის სახლზე და იუდას სახლზე. 15 იმ დღეებში და იმ ჟამს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს, და ის იქმს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე. 16 იმ დღეებში გადარჩენილი იქნება იუდა და იერუსალიმი უსაფრთხოდ დასახლდება. და აჰა, რას უწოდებენ მას: უფალია ჩვენი სიმართლე!’ 17 რადგან ასე თქვა უფალმა: ‘არ დაელევა დავითს ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომი კაცი, 18 და ლევიან მღვდლებს არასოდეს დაელევათ ჩემს წინაშე კაცი, სრულადდასაწველის აღმვლენელი და ძღვენის მკმეველი და მსხვერპლის შემწირველი ყოველდღიურად.’” 19 და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ: 20 „ასე ამბობს უფალი: ‘თუ დაარღვევთ ჩემს აღთქმას დღისას და ჩემს აღთქმას ღამისას, რათა აღარ იყოს დღე და ღამე თავის დროზე, 21 ჩემი აღთქმაც დაირღვევა დავითთან, ჩემს მსახურთან, რომ არ ჰყავდეს მას ძე მის ტახტზე სამეფებლად, და ლევიანებთან, მღვდლებთან, ჩემს მსახურებთან. 22 როგორც აურაცხელია ცის მხედრობა და განუზომელია ზღვის ქვიშა, ისე გავამრავლებ დავითის, ჩემი მსახურის, თესლს და ლევიანებს, ჩემს მსახურთ.” 23 და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ: 24 „განა არ დაინახე, რას ლაპარაკობდა ეს ხალხი: ‘ორი მოდგმა, რომელნიც უფალმა ამოარჩია, მანვე უკუაგდო ისინი,’ და მოიძულეს ჩემი ხალხი, თითქოს არ ყოფილიყო ხალხი მათ წინაშე? 25 ასე თქვა უფალმა: ‘რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღესთან და ღამესთან, განჩინებანი ცისა და ქვეყნისა, 26 მაშინ იაკობისა და დავითის, ჩემ მსახურთა თესლსაც უკუვაგდებდი, არ ავიყვანდი ხელმწიფეებს მისი თესლიდან აბრაამის, ისაკისა და იაკობის თესლისათვის. მაგრამ დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან და შევიწყალებ!’”
თავი ოცდამეთორმეტე                                                                                                      თავი ოცდამეთოთხმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close