ფსალმუნები
1381 გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და მიცნობ მე. 2 შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. 3 ჩემს სიარულსა და ჩემს წოლას შენ განსაზღვრავ, და ყველა ჩემი გზა შენ გამოიკვლიე. 4 თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად. 5 უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი. 6 მაოცებს – როგორ შემიცან ასე, მაღალია, ვერ შევწვდები მას. 7 საით წაუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? 8 ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე – იქაც ხარ შენ! 9 ფრთანი გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, 10 იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი! 11 და ვიტყვი: „იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქნას სინათლედ ჩემს ირგვლივ.” 12 სიბნელეც არაა წყვდიადი შენთვის, და ღამე დღესავით განათდება; რა სიბნელე და რა სინათლე! 13 რადგან შენ დაბადე თირკმელნი ჩემნი, შენ გამომძერწე დედაჩემის წიაღში. 14 გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია საქმენი შენნი, და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით. 15 არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში. 16 ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი. 17 ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო! რაოდენ დიდია რიცხვი მათი! 18 დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძებ და, ისევ შენთან ვარ! 19 ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს! და გამშორდებოდნენ სისხლის მსმელები! 20 ავს რომ უბნობენ შენზე და ბოროტად სარგებლობენ შენი სახელით. 21 არ უნდა მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოდავეებს არ უნდა ვედაო? 22 სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, და მტრებად მექცნენ მე. 23 გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი. 24 ნახე, ბოროტების გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეხი მარადიულ გზაზე!