ეზეკიელი
341 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! იწინასწამეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწამეტყველე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ვაი ისრაელის მწყემსებს, რომელნიც თავიანთ თავს მწყემსავენ. განა მწყემსებმა ცხვარი არ უნდა მწყემსონ? 3 ქონს თქვენ ჭამთ, მატყლს იცვამთ და ჯანსაღ ცხვარს კლავთ, ცხვრის ფარას კი არ მწყემსავთ. 4 სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით განაგებთ მათ. 5 და დაიფანტნენ ისინი უმწყემსოდ და გახდნენ ველის ყველა მხეცის შესაჭმელნი. 6 გზააბნეულია ჩემი ცხვარი ყველა მთაზე და ყველა მაღალ ბორცვზე და მთელი ქვეყნის პირზე დაიფანტა ჩემი ცხვარი და არ არის მომკითხავი და არც მძებნელი.’ 7 ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა: 8 ‘ცოცხალი ვარ მე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘იმის გამო, რომ ჩემი ცხვარი იყო გასაძარცვავად და ჩემი ცხვარი იყო ველის ყველა მხეცის შესაჭმელად უმწყემსოდ ყოფნის გამო და არ მოიკითხეს მწყემსებმა ჩემი ცხვარი, და მწყემსეს ამ მწყემსებმა თავიანთი თავი და ჩემი ცხვარი არ მწყემსეს, 9 ამიტომ, მწყემსებო,’ ისმინეთ სიტყვა უფლისა! 10 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მწყემსების წინააღმდეგ ვარ და მოვიკითხავ ჩემს ცხვრებს მათი ხელიდან, და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობიდან და აღარ დამწყემსავენ ის მწყემსები თავიანთ თავს, და ვიხსნი ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ იქნებიან მათ შესაჭმელად!’” 11 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘თავად მე მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვძებნი მას. 12 როგორც ეძებს მწყემსი თავის ფარას თავის გაფანტულ ცხვარში ყოფნისას, ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და ვიხსნი მათ ყველა ადგილიდან, სადაც გაიფანტნენ ღრუბლიან და ნისლიან დღეს. 13 და გამოვიყვან მათ სხვადასხვა ხალხებიდან და შევაგროვებ ქვეყნებიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე, და დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებზე და ნაკადულებთან და ქვეყნის ყველა დასახლებაში. 14 კარგ სამწყემსურში დავმწყემსავ მათ და ისრაელის მაღალ მთებში იქნება მათი საძოვარი. იქ დაწვებიან კარგ საძოვარზე და ნოყიერ სამწყემსურში დაიმწყემსებიან ისრაელის მთებზე. 15 მე დავმწყემსავ ჩემს ცხვარს და დავაწვენ მათ საძოვრებზე!’” – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 16 ‘დაკარგულს მოვიკითხავ და გაბნეულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, მსუქანსა და მაგარს გავანადგურებ. მე დავმწყემსავ მათ სამართლიანად. 17 თქვენ კი, ჩემო ცხვარნო!’ – ასე თქვა უფალმა ღმერთმა, – ‘მე განმკითხავი ვარ კრავსა და კრავს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის. 18 განა ცოტაა თქვენთვის კარგ სამწყემსურზე მწყემსვა, რომ დანარჩენს თქვენს სამწყემსურზე ჰქელავთ ფეხებით, და დალექილ წყალს სვამთ და დარჩენილს ფეხებით ამღვრევთ? 19 ჩემმა ცხვრებმა კი თქვენი ფეხებით გაქელილი უნდა ჭამონ და თქვენი ფეხებით ამღვრეული უნდა სვან?” 20 ამიტომ ასე უთხრა მათ უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე განვიკითხავ ჯანსაღ კრავსა და გამხდარ კრავს შორის. 21 ვინაიდან გვერდსა და მხარს ჰკრავთ თქვენ და რქებით რქენთ ყველა სუსტს, სანამ არ გარეკავთ მათ გარეთ, 22 მე კი ვიხსნი ჩემს ცხვრებს და აღარ იქნებიან მეტად ნადავლად, და განვიკითხავ კრავსა და კრავს შორის. 23 და დავაყენებ მათზე ერთ მწყემსს – ჩემს მსახურს, დავითს, და ის დამწყემსავს მათ და ის იქნება მათი მწყემსი. 24 და მე, უფალი, ვიქნები მათთვის ღმერთი და ჩემი მსახური დავითი – მთავარი მათ შორის. მე, უფალმა, ვთქვი. 25 და მე დავდებ მათთან მშვიდობის აღთქმას და მოვსპობ ბოროტ ცხოველს ამ ქვეყნიდან. და იცხოვრებენ უდაბნოში უსაფრთხოდ და ტყეებში დაიძინებენ. 26 და მე ვაქცევ მათ და ჩემი ბორცვის შემოგარენს კურთხევად, და დავუშვებ წვიმას თავის დროზე და კურთხეული წვიმები იქნება ისინი. 27 და გამოიღებს მინდვრის ხე თავის ნაყოფს და მიწა გამოიღებს მოსავალს. და იქნებიან თავიანთ მიწაზე უსაფრთხოდ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც დავლეწავ მათი უღლის ბორკილებს და ვიხსნი მათ მათი დამმონებლების ხელიდან. 28 და აღარ იქნებიან ხალხების ნადავლად და ქვეყნის მხეცები არ შეჭამენ მათ. იცხოვრებენ უსაფრთხოდ და არავინ იქნება მათი შემშინებელი. 29 და აღვუდგენ მათ ახალ ნერგს სახელისათვის და აღარ იქნებიან შიმშილისაგან წარტაცებულნი ამ ქვეყანაში და აღარ დაითმენენ ხალხთაგან შეურაცხყოფას. 30 და მიხვდებიან, რომ მე, მათი უფალი ღმერთი ვარ მათთან: ისინი კი, სახლი ისრაელისა ჩემი ხალხია!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 31 ‘და თქვენ ჩემი ცხვარი ხართ, ცხვარი ჩემი სამწყსოსი – ადამიანები ხართ თქვენ, მე კი თქვენი ღმერთი!’” – სიტყვა უფალი ღმერთისა.