სოფონია 3

By
სექტემბერი 8, 2015
ძველი აღთქმა
სოფონია

31 ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს! 2 არაფერს ისმენს, არ შეიგონებს, უფალს არ ესავს, თავის ღმერთს არ ეკარება. 3 მისი მთავრები მბდღვინავი ლომებია მის შუაგულში, მისი მსაჯულები საღამოს მგლებია, დილისთვის ძვალსაც რომ არ ტოვებენ. 4 ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი; მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ. 5 სამართლიანია მის წიაღში უფალი, არ სჩადის სიმრუდეს; დილ-დილობით გააცხადებს თავის სამართალს და არ ბრკოლდება. მაგრამ უკუღმართმა არ იცის სირცხვილი. 6 „გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხე-სიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები. კაცი არ დარჩა, აღარავინაა მცხოვრები. 7 ვეუბნებოდი: ოღონდ გეშინოდეს ჩემი, მიიღე შეგონება-მეთქი. არ განადგურდებოდა მისი სამყოფელი, რამდენჯერაც არ უნდა დამესაჯა იგი. მაგრამ ბეჯითად რყვნიდნენ თავიანთ ზნეს. 8 ამიტომაც მელოდეთ მე, – ამბობს უფალი, – იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა. 9 რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ. 10 ქუშის მდინარეთა გაღმიდან ჩემი გაფანტული ხალხი მომართმევს ძღვენს. 11 იმ დღეს აღარავინ შეირცხვენს თავს შენი საქციელით, რითაც მცოდავდი, რადგან მაშინ მოვარიდებ შენს წიაღს შენი დიდებით მოქადულებს, რომ აღარ გამედიდურდე ჩემს წმიდა მთაზე. 12 დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან უფლის სახელს. 13 აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა. მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარ იქნება დამათრობელი.” 14 გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! 15 აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ. 16 იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: „ნუ გეშინია!” და სიონს: „ნუმც მოგეღლება მკლავი! 17 უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო. 18 შევკრებ დღესასწაულს მოწყვეტილთ: შენგან რომ გავიდნენ, სირცხვილი აწევთ ტვირთად. 19 აჰა, გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს. ვიხსნი ფეხკოჭლს, გაფანტულს თავს მოვუყრი, დიდებას და სახელს მოვუხვეჭ ყველგან, მათი შერცხვენის ქვეყანაში. 20 იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე თავს ერთად მოგიყრით, მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ,” – ამბობს უფალი. მიზეზი და თემა წინასწარმეტყველებისა

თავი მეორე                                                                                                                                                         ანგია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close