ანგია
11 დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის ხელით იუდას განმგებელ ზერუბაბელ შეალთიელის ძის და მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის მიმართ: 2 „ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ‘ეს ხალხი ამბობს: ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი.” 3 იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის ხელით: 4 „იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?” 5 ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „დაუკვირდით თქვენს საქციელს. 6 ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. გახვრეტილი ქისისთვის იღებს მშრომელი შრომის საზღაურს.” 7 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „დაუკვირდით თქვენს საქციელს. 8 ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები” – ამბობს უფალი, – 9 „ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ?” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. 10 ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ დაგიკავათ მოსავალი. 11 გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, პურზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს, ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე.” 12 ისმინეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღვთის, ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღვთის, მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა. 13 უთხრა ანგიამ, უფლის მოციქულმა, ხალხს უფლის მოციქულობის ძალით: „მე თქვენთანა ვარ”, – ამბობს უფალი. 14 გააღვიძა უფალმა იუდას განმგებელ, ზერუბაბელ შეალთიელის ძის სული, მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის, სახლში. 15 მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს.
სოფონია თავი მეორე