ძველი აღთქმა
4 მეფეთა
31 და იორამ ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იუდას მეფის, იოშაფატის, მეთვრამეტე წელს და იმეფა თორმეტი წელი. 2 ბოროტს სჩადიოდა უფლის თვალში, ოღონდ არა მამამისივით და დედამისივით. მან გადააგდო ბაყალის სვეტი, მამამისმა რომ აღმართა. 3 მაგრამ მიწებებული იყო და არ განრიდებია ცოდვებს იერობყამისა, ნაბატის ძისა, რომელმაც აცთუნა ისრაელი. 4 და მეშაყი, მოაბის მეფე, ცხვრის პატრონი იყო და უგზავნიდა ისრაელის მეფეს ასი ათას ცხვარს და ასი ათას გაუპარსავ კრავს. 5 მხოლოდ ახაბის სიკვდილის შემდეგ განუდგა მოაბის მეფე ისრაელის მეფეს. 6 და გამოვიდა მეფე იორამი იმხანად სამარიიდან და აღრიცხა მთელი ისრაელი. 7 და წავიდა და შეუთვალა იოშაფატს, იუდას მეფეს: „განმიდგა მოაბის მეფე. ხომ არ წამოხვალ ჩემთან ერთად მოაბის წინააღმდეგ?” და თქვა: „წამოვალ. რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?” 8 და თქვა: „რომელი გზით წავიდეთ?” და თქვა: „ედომის უდაბნოს გზით.” 9 და წავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის მეფე. და იტრიალეს შვიდი დღე და ვერ ნახეს წყალი ლაშქრისთვის და პირუტყვისთვის, უკან რომ მოჰყვებოდათ. 10 და თქვა ისრაელის მეფემ: „აჰა, შეჰყარა უფალმა ეს სამი მეფე, მოაბს რომ ჩაუგდოს ხელში.” 11 და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე უფლის წინასწარმეტყველი, რომ უფლისთვის ვაკითხვინოთ?” და მიუგო ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მსახურმა და თქვა: „არის აქ ელისე შაფატის ძე, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელის დასაბანად.” 12 და თქვა იოშაფატმა: „უფლის სიტყვაა მასთან.” და ჩააკითხეს მას ისრაელის მეფემ, და იოშაფატმა და ედომის მეფემ. 13 და უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: „რა გინდა ჩემგან? წადი მამაშენის წინასწარმეტყველებთან და დედაშენის წინასწარმეტყველებთან.” და თქვა ისრაელის მეფემ: „არა, იმისთვის შეყარა უფალმა ეს სამი მეფე, რომ მოაბს ჩაუგდოს ხელში.” 14 და თქვა ელისემ: „ცაბაოთ უფალს გეფიცები, რომლის წინაშეც მე ვდგავარ, რომ ზედაც არ შეგხედავდი, პატივს რომ არ ვცემდე იოშაფატს, იუდას მეფეს. 15 ახლა, მომიყვანეთ მეჩანგე.” და როცა უკრავდა მეჩანგე, უფლის ხელი იყო ელისეზე. 16 და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘თხრილები დათხარეთ ამ ხევში.’ 17 რადგან ასე ამბობს უფალი: ‘ვერ დაინახავთ ქარს და ვერ დაინახავთ წვიმას, მაგრამ წყლით აივსება ეს ხევი, თქვენც სვით, თქვენმა ჯოგმაც და თქვენმა პირუტყვმაც. 18 ამას არ აკმარებს უფალი: მოაბსაც ჩაგაგდებინებთ ხელში. 19 და შემუსრავთ ყველა გამაგრებულ ქალაქს, ყველა რჩეულ ქალაქს, და ყველა საუკეთესო ხეს აჩეხავთ, ყველა წყაროსთვალს ამოყორავთ, და საუკეთესო ყანებს ქვით აავსებთ.’“ 20 და იყო დილით, პურეულის ძღვენის მიტანისას, წამოვიდა წყალი ედომის გზაზე და წყლით აივსო მიწა. 21 და გაიგო მთელმა მოაბმა, რომ დაიძრნენ მეფეები მათთან საომრად. და ყველამ თავი მოიყარა, სარტყლის მატარებელმა და უხნესებმაც, და დადგნენ საზღვართან. 22 და გაიღვიძეს დილაადრიან და, როცა მზე წყალზე გაბრწყინდა, მოაბელებს შორიდან წყალი სისხლივით წითელი მოეჩვენათ. 23 და თქვეს: „ეს სისხლია, დატაკებიან მეფეები და ერთმანეთი დაუხოცავთ. აბა, შენია ნადავლი, მოაბო!” 24 და მიადგნენ ისრაელის ბანაკს. და შეუტია ისრაელმა და დასცხო მოაბს და უკუაქცია. და მიეწივნენ და დახოცეს მოაბელები. 25 ქალაქები დაანგრიეს. საუკეთესო ყანებში თითოეულმა თითო ქვა ისროლა და ქვით აავსეს. და ყველა წყაროსთვალი ამოყორეს, ყველა საუკეთესო ხე აჩეხეს. ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათ კირ-ხარასეთში, შემოადგნენ მეშურდულენი და დააქციეს. 26 და დაინახა მოაბის მეფემ, რომ იძლია ბრძოლაში, და გაიყოლა შვიდასი კაცი, მახვილის ამომწვდელი, და შეეცადა, ედომის მეფისკენ გაეღწია, მაგრამ ვერ შეძლეს. 27 და მოჰკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო, და სრულადდასაწველად შესწირა გალავანზე. და იყო დიდი გულისწყრომა ისრაელზე, და მოსცილდნენ მოაბს და თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ.