ძველი აღთქმა
4 მეფეთა
221 რვა წლისა იყო იოშიაჰუ, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო იედიდა, ყადაიას ასული, ბოცკათიდან. 2 სწორს აკეთებდა უფლის თვალში და ყველაფერში დავითის, მამამისის, გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ. 3 მეფე იოშიაჰუს მეთვრამეტე წელს გაგზავნა მეფემ უფლის სახლში შაფან მწერალი, მეშულამის ძის, აცალიაჰუს ძე, და დააბარა; 4 „ადი ხილკიაჰუსთან, მღვდელმთავართან, და დაათვლევინე უფლის სახლში შემოსული მთელი ვერცხლი, რომელიც ზღურბლის მცველებმა აკრიფეს ხალხისგან. 5 ხელში ჩააბარონ სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი. ამათ კი უფლის სახლში მომუშავეებს დაურიგონ სახლის ბზარების შესაკეთებლად: 6 დურგლებს, მშენებლებს, ქვითხუროებს. და იყიდონ ხე და თლილი ქვები სახლის შესაკეთებლად. 7 ოღონდ ნუ მოეთხოვებათ ჩაბარებული ვერცხლის ანგარიში, რადგან პატიოსნად იქცევიან.” 8 და უთხრა ხილკიაჰუ მღვდელმთავარმა შაფან მწერალს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში.” მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან. 9 და მივიდა შაფან მწერალი მეფესთან და მოახსენა ამბავი. და უთხრა: „გადმოყარეს შენმა მსახურებმა უფლის სახლში ნაპოვნი ვერცხლი და ჩააბარეს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი.” 10 და ამცნო შაფან მწერალმა მეფეს: „წიგნი მომცა მღვდელმა ხილკიაჰუმ.” და წაიკითხა მეფის წინაშე, 11 და როცა მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები, შემოიხია ტანსაცმელი. 12 უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწერალს და ყასაიას, მეფის მსახურს: 13 „წადით, დაეკითხეთ უფალს ჩემზე, ერზე და მთელს იუდაზე ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო. დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგზნო ჩვენს მიმართ, რადგან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულეს, რაც მათთვის იყო დაწერილი.” 14 და მივიდნენ ხილკიაჰუ მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა, და დაელაპარაკნენ მას. 15 უთხრა ქალმა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ, 16 ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას მოვუვლენ ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, ახდება ამ წიგნის ყოველი სიტყვა, იუდას მეფეს რომ წაუკითხავს, 17 რაკი დამივიწყეს და საკმეველს უკმევდნენ უცხო ღმერთებს, რომ გავეჯავრებინე თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ჩემი რისხვა მოედება ამ ადგილს და არ ჩაქრება.’ 18 იუდას მეფეს კი, რომელმაც უფალთან სამკითხაოდ გამოგგზავნათ, ასე უთხარით: ‘ასე ამბობს-თქო, ისრაელის ღმერთი: რაკი შეისმინე ეს სიტყვები, 19 რაკი გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე ამ ადგილს და მის მცხოვრებთ, გაუდაბურება და შეჩვენება რომ ელით, შემოიხიე სამოსელი და ატირდი ჩემს წინაშე, მაშინ მეც ვისმინე შენი, – ბრძანებს უფალი. – 20 ამიტომაც, აჰა, წაგიყვანს შენს მამებთან, მშვიდობით ჩახვალ შენს სამარხებში და არ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რაც უნდა დავატეხო იმ ადგილს.’“ და მიუტანეს მეფეს ამბავი.