ძველი აღთქმა
4 მეფეთა
181 ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მესამე წელს გამეფდა ხიზკია, ახაზის ძე, იუდას მეფე. 2 ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული. 3 სწორს აკეთებდა იგი უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი, აკეთებდა. 4 მან გააუქმა გორაკები და დალეწა სვეტები, და აჩეხა აშერა და დაამტვრია სპილენძის გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელის ძენი და ნეხუშთანს უწოდებდნენ. 5 უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი. და არც მანამდე ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის და არც მის მერე იქნება. 6 და მიეწება იგი უფალს, და არ განდგომია მას, და იცავდა მის მცნებას, მოსეს რომ ამცნო უფალმა. 7 და უფალი იყო მასთან და, სადაც კი წავიდოდა, ყველგან გონივრულად იქცეოდა. და განუდგა იგი აშურის მეფეს, აღარ დაემორჩილა. 8 მან დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე საყარაულო გოდლიდან ციხე-ქალაქამდე. 9 მეფე ხიზკიაჰუს მეოთხე წელს, ეს იყო, ისრაელის მეფის ჰოშეაყ ელას ძის მეშვიდე წელი, წამოვიდა სამარიაზე აშურის მეფე შალმანესერი და ალყა შემოარტყა მას. 10 და სამი წლის ბოლოს აიღო იგი, ხიზკიას მეექვსე წელს, ესე იგი, ისრაელის მეფის, ჰოშეაყის, მეცხრე წელს, აღებული იქნა სამარია. 11 და გადაასახლა აშურის მეფემ ისრაელი აშურში და დაასახლა ხალახში და ხაბორზე, გოზანის მდინარეზე, და მიდიის ქალაქებში. 12 იმის გამო, რომ არ ისმინეს უფლის, მათი ღვთის, ხმა, დაარღვიეს მისი აღთქმა, ყველაფერი, რაც უბრძანა მათ მოსემ, უფლის მსახურმა, არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ. 13 ხიზკიას მეთოთხმეტე წელს შეუტია აშურის მეფე სანხერიბმა იუდას ყველა ციხე-ქალაქს და ხელთ იგდო ისინი. 14 და შეუთვალა ხიზკიამ, იუდას მეფემ, აშურის მეფეს ლაქიშში: „დამნაშავე ვარ, გაბრუნდი ჩემგან. რასაც დამაკისრებ, ვიტვირთავ.” და დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიას, იუდას მეფეს, სამასი ქანქარი ვერცხლი და ოცდაათი ქანქარი ოქრო. 15 და გასცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა. 16 იმ ხანად შემოაძრო ხიზკიამ უფლის ტაძრის კარებს და სვეტებს ოქრო, რომლითაც თავად ხიზკიამ, იუდას მეფემ, მოჭედა ისინი, და მისცა აშურის მეფეს. 17 და გაგზავნა აშურის მეფემ ლაქიშიდან თართანი, რაბსარისი და რაბშაკე დიდძალი ჯარით მეფე ხიზკიაჰუსთან იერუსალიმში. და წავიდნენ და მივიდნენ იერუსალიმში და დადგნენ ზემო ტბორის არხთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე რომ არის. 18 და დაუძახეს მეფეს და გამოვიდნენ სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე – მემატიანე. 19 და უთხრა მათ რაბშაკემ: „უთხარით ხიზკიაჰუს: ‘ასე ამბობს დიდი მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ? 20 ფუჭ სიტყვებს ლაპარაკობ. თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას. შენ კი რისი იმედით განმიდექი? 21 დანდობიხარ მაგ გადამტვრეულ ლერწამს, ეგვიპტეს, რომელსაც, თუ კაცი დაეყრდნობა, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს. 22 რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის, იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები ხიზკიაჰუმ გააუქმა და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცითო თაყვანი იერუსალიმს? 23 ახლა მოდი, და დაუზავდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს. ათას ცხენს მე მოგცემ, თუ მხედრებს იშოვი მათთვის. 24 როგორ გააბრუნებ ერთ მოხელესაც კი ჩემი ბატონის უმცირეს მსახურთაგან, როცა ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ? 25 მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: ‘შეუტიე მაგ ქვეყანას და გაანადგურე.’“ 26 უთხრეს ელიაკიმ ხილკიაჰუს ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: „ელაპარაკე შენს მსახურს არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან.” 27 და უთხრა მათ რაბშაკემ: „მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამსხდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი შარდი.” 28 და დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა: „ისმინეთ სიტყვა, დიდი მეფისა, აშურის მეფისა! 29 ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ გიხსნით იგი ჩემი ხელიდან. 30 ნუ გაიმედებთ ხიზკიაჰუ: გვიხსნის უფალი და არ ჩაუგდებს ამ ქალაქს აშურის მეფესო. 31 ნუ უსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: ‘დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე. ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, და სვას თავისი ჭის წყალი, 32 სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. ნუ უსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან გაცთუნებთ, რომ გეუბნებათ, უფალი გვიხსნისო. 33 როდის უხსნიათ ღმერთებს თავისი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან? 34 სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენაყისა და ყივას ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან? 35 რომელმა ღმერთმა იხსნა ამ ქვეყნის ღმერთებს შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?’“ 36 და დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისაგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი. 37 და მივიდნენ ელიაკიმ ხილკიას ძე – სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, – მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული ტანისამოსით და მოახსენეს მას მეფე რაბშაკეს სიტყვები.