17 და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ: 18 „ადექი და დახვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად. 19 და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები?’ და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ.’“ 20 და უთხრა ახაბმა ელიას: „მაინც მომაგენი, ჩემო მტერო!“ და თქვა: „მოგაგენი, რადგან თავი გაწირე, რომ ბოროტი გაგეკეთებინა უფლის თვალში. 21 ამას ამბობს უფალი: აჰა, უბედურებას დაგათევ თავზე, გავხვეტ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს ახაბს ისრაელში, ყმა იქნება თუ აზატი. 22 ისე მოვექცევი შენს სახლს, როგორც მოვექეცი იერობოყამ ნებატის ძის სახლს, ბაყაშა ახიას ძის სახლს, იმ ჯავრის გამო, რომ შეაცდინე ისრაელი. 23 და იეზებელზეც თქვა უფალმა: ძაღლები შეჭამენო იეზებელს იზრეყელის გალავანთან. 24 და ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.“ 25 (ჯერ არავინ ყოფილა, რომელსაც ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იეზებელი, ცოლი მისი. 26 დიდი სიბილწე ჩაიდინა, რომ მიჰყვა კერპებს და მიბაძა ამორეველთ, რომელნიც ისრაელის თვალთაგან აჰყარა უფალმა). 27 როცა გაიგონა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი, მარხულობდა და ჯვალოში ეძინა, დადიოდა დამწუხრებული. 28 და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ: 29 „ხედავ, როგორ მოდრკა ახაბი ჩემს წინაშე? და რაკი ასე მოიქცა, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში; მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს.“