3 მეფეთა 21

მაისი 12, 2015
ძველი აღთქმა
3 მეფეთა
211 ამ ამბების მერე იყო: ვენახი ჰქონდა იზრეყელელ ნაბოთს იზრეყელში, ახაბის, სამარიის მეფის, სასახლის გვერდით. 2 და ელაპარაკა ახაბი ნაბოთს და უთხრა: „დამითმე შენი ვენახი, საბოსტნედ მექნება. რადგან ჩემი სახლის გვერდითაა. სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ, ანდა, თუ გინდა, მის საფასურ ვერცხლს გადაგიხდი.” 3 და უთხრა ნაბოთმა ახაბს: „უფალმა დამიფაროს, რომ ჩემი მამების სამკვიდრო მოგცე!” 4 და წავიდა ახაბი თავის სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვის გამო, რაც ნაბოთ იზრეყელელმა უთხრა: ვერ მოგცემო ჩემი მამა-პაპის სამკვიდროს. და ჩაწვა თავის საწოლში და პირი კედლისკენ ქნა, პურიც არ უჭამია. 5 და შევიდა მასთან მისი ცოლი იზებელი და დაელაპარაკა: „რამ დაგინაღვლიანა სული, რომ პურს არა ჭამ?” 6 და უთხრა: ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს და ვუთხარი: ‘დამითმე შენი ვენახი ვერცხლად, ან, თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ.’ და თქვა: ‘არ მოგცემ ჩემს ვენახს.’“ 7 და უთხრა იზებელმა, მისმა ცოლმა: „ახლა დაამტკიცე, რომ ისრაელის მეფე ხარ! ადექი, პური ჭამე და გული გაიმხიარულე, და მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს”. თ 8 და დაწერა წერილები ახაბის სახელით, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა წერილები უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში. 9 ასე ჩაწერა წერილებში: „გამოაცხადეთ მარხვა და ხალხის თავში დასვით ნაბოთი. 10 წინ დაუსვით ორი ბოროტი კაცი, რომ ცილი დასწამონ მას და უთხრან: ‘შენ იყავი, ღმერთსა და მეფეს რომ აგინებდი!’ და გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს.” 11 ისე გააკეთეს იმ ქალაქის კაცებმა – უხუცესებმა და წარჩინებულებმა, რომელნიც მის ქალაქში ცხოვრობდნენ, როგორც შეუთვალა მათ იზებელმა, როგორც ეწერა წერილებში, მათთვის რომ ჰქონდა დაგზავნილი. 12 და გამოაცხადეს მარხვა და ხალხის თავში დასვეს ნაბოთი. 13 და გამოვიდა ორი ბოროტი კაცი და წინ დაუსხდნენ. ცილი დასწამეს ამ ბოროტმა კაცებმა ნაბოთს ხალხის წინაშე: შეაგინა ნაბოთმა ღმერთსა და მეფესო. და გაიყვანეს ქალაქის გარეთ. ჩაქოლეს და მოკვდა. თ 14 ასე შეუთვალეს იზებელს: „ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა.” 15 როცა გაიგო იზებელმა, რომ ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა, უთხრა იზებელმა ახაბს: „ადექი, დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენახს, რომ არ უნდოდა შენთვის მოეყიდა, რადგან აღარ არის ცოცხალი ნაბოთი, მკვდარია.” 16 როცა გაიგო ახაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა ახაბი, რომ ჩასულიყო ნაბოთ იზრეყელელის ვენახში და დაპატრონებოდა. 17 და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ: 18 „ადექი და დახვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად. 19 და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები?’ და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ ძაღლები.’“ 20 და უთხრა ახაბმა ელიას: „მაინც მომაგენი, ჩემო მტერო!” და თქვა: „მოგაგენი, რადგან თავი გაწირე, რომ ბოროტი გაგეკეთებინა უფლის თვალში. 21 და აჰა, უბედურებას დაგათევ თავზე, გავხვეტავ შენს შემდგომს. ყველას, ვინც კი ჰყავს ახაბს კედელთან მიმშარდავი, ყმა თუ აზატი ისრაელში. 22 ისე გავუკეთებ შენს სახლს, როგორც გავუკეთე იერობყამ ნაბატის ძის სახლს, ბაყაშა ახიას ძის სახლს, იმ ჯავრის გამო, რომ შეაცთუნე ისრაელი.” 23 და იზებელზეც თქვა უფალმა: „ძაღლები შეჭამენ იზებელს იზრეყელის გალავანთან. 24 და ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან. 25 ჯერ არავინ ყოფილა, რომელსაც ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იზებელი, მისი ცოლი. 26 დიდი სიბილწე ჩაიდინა, რომ მიჰყვა კერპებს და მიბაძა ამორეველთ, რომელნიც ისრაელის თვალთაგან აჰყარა უფალმა.” 27 როცა გაიგონა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიგლიჯა ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. და მარხულობდა, და ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა. 28 და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ: 29 „ხომ ხედავ, როგორ მოდრკა ახაბი ჩემს წინაშე? და რაკი მოდრკა ჩემს წინაშე, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში. მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს.”
თავი მეოცე                                                                                                                                      თავი ოცდამეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close