1 და როცა მოაწევს შენზე ყოველი ეს სიტყვა – კურთხევისა და წყევლისა, რომელნიც გადმოვეცი შენს წინაშე, და მიიტან ამას შენს გულთან ყველა იმ ხალხს შორის, სადაც გაგდევნის შენ უფალი, შენი ღმერთი, 2 და დაბრუნდები უფალთან, შენს ღმერთთან, და შეისმენ მის ხმას ყველაფერში, როგორც მე გიბრძანებ დღეს, 3 მაშინ დააბრუნებს უფალი, შენი ღმერთი, შენს ტყვეებს და შეგიწყალებს, და კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაგფანტა უფალმა, შენმა ღმერთმა. 4 და თუმცა კი შენ გაფანტული იყავი ცის კიდემდე, მაინც შეგკრებს იქიდან უფალი, შენი ღმერთი, და იქიდან წამოგიყვანს. 5 და მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდათ შენს მამებს, და შენც დაიმკვიდრებ მას. და სიკეთეს გიზამს და გაგამრავლებს შენს მამებზე მეტად. 6 და წინადაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით, რათა იცოცხლო. 7 და მოაწევს უფალი, შენი ღმერთი, მთელ ამ წყევლას შენს მტრებზე და შენს მოძულეებზე, რომელნიც გდევნიდნენ შენ. 8 შენ კი მოიქცევი და შეისმენ უფლის ხმას და შეასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს.