ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
331 თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდათხუთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. 2 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. 3 და კვლავ აღადგინა გორაკები, მამამისმა იეხიზკიაჰუმ რომ მოსპო, სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალებს, გააკეთა აშერები და თაყვანს სცემდა ცის მხედრობას და მსახურებდა მათ. 4 ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა: „იერუსალიმში საუკუნოდ იქნება ჩემი სახელი.” 5 აუგო სამსხვერპლოები ცის მხედრობას უფლის სახლის ორთავე ეზოში. 6 ცეცხლში ატარებდა შვილებს ბენ-ჰინომის ველზე, მკითხაობდა, მისნობდა, ჩხიბავდა, დაადგინა მესულთანენი და ჯადოქარნი. ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის გასაჯავრებლად. 7 კერპი-ქანდაკი, რომელიც გააკეთა, დაამკვიდრა ღვთის სახლში, რომელზეც ეუბნებოდა ღმერთი დავითს და მის ძეს სოლომონს: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს, 8 აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მის მამა-პაპას დავუდგინე, ოღონდ შეასრულონ, რაც ვუბრძანე, თანახმად მთელი რჯულისა, წესებისა და მცნებებისა, მოსეს ხელით რომ მიეცათ.” 9 მაგრამ აცთუნა მენაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე. 10 ელაპარაკა უფალი მენაშესა და მის ხალხს, მაგრამ არ შეისმინეს. 11 მიუსია მას უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები. შეიპყრეს მენაშე, დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ბორკილდადებული ბაბილონს წაიყვანეს. 12 შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავის მამა-პაპის წინაშე. 13 ილოცა მის მიმართ და მანაც შეივედრა იგი, შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში, დააბრუნა. მიხვდა მენაშე, რომ ღმერთია უფალი. 14 ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზთა კარიბჭის შესასვლელამდე, გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა, და მხედარათმთავრები ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში. 15 მოაშორა უფლის სახლს უცხო ღმერთები და კერპი, ასევე ყველა ბაგინი, უფლის სახლის მთაზე რომ ააგო იერუსალიმში, და ქალაქის გარეთ გადაყარა. 16 განაახლა უფლის სამსხვერპლო, და შესწირა მასზე სამშვიდობო და სამადლობელი მსხვერპლი, და უბრძანა იუდაელთ, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის. 17 მაგრამ ხალხი მაინც გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს, ოღონდ მხოლოდ უფალს, თავის ღმერთს. 18 მენაშეს დანარჩენი ამბები, მისი ლოცვა თავისი ღმერთის მიმართ, და იმ მხილველთა სიტყვები, რომელნიც მას უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელით ელაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 19 რომ ილოცა და შეწყნარებულ იქნა, რომ სცოდავდა და უკეთურებას სჩადიოდა, გორაკები რომ გამართა და აშერები და კერპები აღმართა, ყველაფერი თავის მოდრეკამდე, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი. 20 განისვენა მენაშემ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს თავის სახლში. მის ნაცვლად ამონი, მისი ძე, გამეფდა. 21 ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში. 22 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მენაშე, მამამისი, იქცეოდა. მენაშეს, მამამისის, მიერ გაკეთებულ ყველა კერპს მსხვერპლს სწირავდა ამონი და მსახურებდა მათ. 23 აღარ მოდრკა უფლის წინაშე, როგორც მენაშე, მამამისი, მოდრკა, არამედ უფრო გაამრავლა ამონმა დანაშაული. 24 შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მსახურნი და თავის სახლში მოკლეს. 25 ამოწყვიტა ქვეყნის ერმა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი. ქვეყნის ერმა მის ნაცვლად მისი ძე იოშიაჰუ გაამეფა.