301 და შეუთვალა იეხიზკიაჰუმ მთელს ისრაელს და იუდას, წერილები მისწერა ეფრემსა და მენაშეს, რათა მოსულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლისათვის, ისრაელის ღმერთისთვის, პასექის გადასახდელად. 2 და გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და მთელმა კრებულმა იერუსალიმში, რომ პასექი მეორე თვეში გადაეხადათ. 3 რადგან იმჟამად არ შეეძლოთ თავის დროზე გადახდა, რაკი მღვდლები არ იყვნენ განწმედილნი საკმარისი რაოდენობით, და არც ხალხი იყო თავმოყრილი იერუსალიმში. 4 სწორად ჩაითვალა ეს მეფისა და მთელი კრებულის თვალში. 5 და დაადგინეს, ხმა გაევრცელებინათ მთელ ისრაელში ბეერ-შებაყიდან დანამდე, რათა მოსულიყვნენ და პასექი გადაეხადათ უფლისათვის, ისრაელის ღმერთისათვის, იერუსალიმში, რადგან დიდხანს არ ჰქონდათ გადახადილი დაწერილის მიხედვით. 6 და მოიარეს მალემსრბოლელებმა მეფისა და მთავრების წერილებით მთელი ისრაელი და იუდა, და მეფის ბრძანებისამებრ გამოუცხადეს: “ისრაელიანებო, დაუბრუნდით უფალს, აბრაამის, ისაკის და ისრაელის ღმერთს, და ისიც დაუბრუნდება თქვენს ნატამალს, აშურის მეფეთა ხელს რომ გადაურჩა. 7 ნუ იქნებით თქვენი მამებისა და მოძმეთა მსგავსნი, რომელთაც შესცოდეს უფალს, თავიანთი მამების ღმერთს და მანაც გასწირა ისინი გასაპარტახებლად, როგორც ხედავთ. 8 ახლა მაინც ნუ იქნებით ქედფიცხელნი, თქვენი მამების მსგავსად. დაემონეთ უფალს, მოდით მის საწმიდარში, რომელიც განწმედილი აქვს საუკუნოდ. ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და გაბრუნდება თქვენგან მისი რისხვა. 9 თუ დაუბრუდნებით უფალს, შებრალებას ჰპოვებენ თქვენი ძმები და შვილები იმათ წინაშე, ვინც ისინი დაატყვევეს, და დააბრუნებენ ამ ქვეყანაში, რადგან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი. პირს აღარ შეიბრუნებს თქვენგან, თუ დაუბრუნდებით მას.” 10 და დადიოდნენ მალემსრბოლნი ქალაქიდან ქალაქში, ეფრემის, მენაშესა და ზებულუნის ქვეყანაში, მაგრამ დასცინოდნენ მათ და აბუჩად იგდებდნენ. 11 მხოლოდ ზოგიერთნი მოდრკნენ აშერში, მენაშეში და ზებულუნში და მოვიდნენ იერუსალიმს. 12 იუდაზეც იყო ღვთის ხელი მათთვის ერთი გულის ჩასადებად, რომ შეესრულებინათ, რაც მეფემ და მთავრებმა უბრძანეს, უფლის სიტყვისამებრ. 13 და შეიკრიბა დიდძალი ხალხი იერუსალიმში მეორე თვეს უფუარობის დღესასწაულის გადასახდელად. მრავლის უმრავლესი იყო კრებული. 14 და ადგნენ და მოაშორეს სამსხვერპლოები, იერუსალიმში რომ იყო. ასევე ყველაფერი, რაზეც საკმეველს უკმევდნენ, აიღეს და კიდრონის ხევში გადაყარეს. 15 და დაკლეს პასექი მეორე თვის თოთხმეტში. და შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, და განიწმიდნენ და სრულადდასაწველი მიიტანეს უფლის სახლში. 16 და დადგნენ თავ-თავიანთ ადგილზე მათი წესისდა მიხედვით, მოსეს, ღვთისკაცის, რჯულის მიხედვით. მღვდლები სისხლს ლევიანთა ხელიდან ასხურებდნენ. 17 მრავლად იყვნენ კრებულში განუწმედელნი, ამიტომ დაკლეს ლევიანებმა პასექები, რათა უფლისათვის განეწმიდათ ყოველი არაწმიდა. 18 თუმცა ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემისაგან, მენაშესგან, ისაქარისაგან და ზებულუნისგან არ განწმედილა, მაინც ჭამეს პასექი, დაწერილის საწინააღმდეგოდ, 19 რადგან ასე ილოცა მათთვის იეხიზკიაჰუმ: “სახიერმა უფალმა მიუტეოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა უფალი ღმერთი, თავისი მამების ღმერთი, თუმცა საწმიდრის წესით არ განწმედილა.” 20 და უსმინა უფალმა იეხიზკიაჰუს და მიუტევა ხალხს. 21 ისრაელის ძეთ და იმათ, ვინც კი ისრაელში იყო, შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული დიდის სიხარულით. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ადიდებდნენ უფალს უფლის სადიდებელი საკრავებით. 22 გულითადად ელაპარაკა იეხიზკიაჰუ ყველა ლევიანს, რომელიც კეთილი გონებით ემსახურებოდა უფალს. შვიდი დღე ჭამდნენ სადღესასწაულოს, სწირავდნენ სამშვიდობო მსხვერპლს და მადლობდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს. 23 და გადაწყვიტა მთელმა კრებულმა, რომ მომდევნო შვიდი დღეც ეზეიმათ, და ეს შვიდი დღეც სიხარულში გაატარეს, 24 რადგან ხიზკიაჰუმ, იუდას მეფემ, კრებულისთვის გაიღო ათასი კურატი და შვიდი ათასი ცხვარი, მთავრებმა გაიღეს კრებულისთვის ათასი კურატი, ცხრა ათასი ცხვარი, და განიწმიდა მრავალი მღვდელი. 25 და ხარობდნენ იუდას მთელი კრებული, მღვდლები და ლევიანები, ისრაელიდან მოსული მთელი კრებული, ისრაელის ქვეყნიდან მოსული ხიზნები და იუდას მკვიდრნი. 26 ისეთი დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რომლის მსგავსი სოლომონის, დავითის ძის, ისრაელის მეფის, დღეების მერე არ ყოფილა იერუსალიმში. 27 და წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი, მოსმენილ იქნა მათი ხმა, და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფელამდე ცაში.
ძველი აღთქმა
2 ნეშტთა