ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
31 და შეუდგა სოლომონი უფლის სახლის შენებას იერუსალიმში მორიას მთაზე, სადაც ნაჩვენები ჰქონდა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნან იებუსელის კალოზე. 2 შენებას შეუდგა მეორე თვის ორში, თავისი მეფობის მეოთხე წელს. 3 აჰა, საფუძველი, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით სამოცი წყრთა იყო, ძველი საზომით, სიგანით – ოცი წყრთა. 4 სტოა, სიგრძეზე რომ გასდევდა ტაძარს, მისი სიგანის შესაბამისად, ოცი წყრთა იყო, სიმაღლით – ას ოცი. შიგნიდან ხალასი ოქროთი მოჭედა. 5 კვიპაროსის ხეებით შემოსა დიდი სახლი, საუკეთესო ოქროთი შემოსა და მასზე პალმები და ჯაჭვები გამოაჭედინა. 6 ძვირფასი ქვებით დაფარა სახლი დასამშვენებლად. ოქრო კი ფარვაიმული ოქრო იყო. 7 ოქროთი შემოსა სახლი – ძელები, კარის ზღურბლები, მისი კედლები და კარები, კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა. 8 და გააკეთა წმიდათა წმიდა: მისი სიგრძე, სახლის სიგანის შესაბამისად, ოცი წყრთა იყო, და სიგანეც ოცი წყრთა და ექვსასი ქანქარი საუკეთესო ოქროთი დაფარა იგი. 9 ლურსმნები, წონით ხუთი შეკელი, ოქრო იყო. ქორედიც ოქროთი შემოსა. 10 წმიდათა წმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფარა ისინი. 11 ქერუბიმების ფრთები სიგრძით ოცი წყრთა იყო, ერთის ფრთა –ხუთწყრთიანი, და სახლის კედელს ეხებოდა, მეორის ფრთაც ხუთწყრთიანი, მეორე ქერუბიმის ფრთას ეხებოდა. 12 მეორე ქერუბიმის ფრთაც – ხუთწყრთიანი, სახლის კედელს ეხებოდა. მეორის ფრთაც – ხუთწყრიანი, პირველი ქერებუმის ფრთას ეხებოდა. 13 ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი, ისინი ფეხებზე იდგნენ და სახე სახლისაკენ ჰქონდათ მიქცეული. 14 და გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისაგან და სელისაგან და მასზე ქერუბიმები გამოსახა. 15 სახლის წინ სიგრძით ოცდაათი წყრთის ორი სვეტი გააკეთა, თითოეულის თავზე ხუთწყრთიანი სვეტისთავი იყო. 16 და გააკეთა დაბირში ჯაჭვები და სვეტისთავებზე მიამაგრა, და გააკეთა ასი ბროწეული და ჯაჭვებზე ჩამოკიდა. 17 ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ. მარჯვენას იაქინი დაარქვა, მარცხენას – ბოყაზი.