ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
291 იეხიზკიაჰუ ოცდახუთი წლის გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბია, ზაქარიას ასული. 2 სწორს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი, აკეთებდა. 3 მან თავისი მეფობის პირველსავე წელს, პირველ თვეში, გააღო უფლის სახლის კარებები და განაახლა ისინი. 4 და მოიყვანა მღვდლები, ლევიანები, და აღმოსავლეთის მოედანზე მოუყარა თავი. 5 და უთხრა მათ: „მისმინეთ, ლევიანებო! ახლა კი განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამების ღმერთის, სახლი, გამოიტანეთ უწმიდურება საწმიდრიდან. 6 რადგან შესცოდეს ჩვენმა მამებმა, ბოროტს აკეთებდნენ უფლის, ჩვენი ღმერთის, თვალში, და მიატოვეს იგი, პირი მოარიდეს უფლის სავანეს და ზურგი შეაქციეს, 7 დაგმანეს კარიბჭის კარებები და ჩააქრეს სასანთლენი, აღარც საკმეველი აკმიეს და აღარც სრულადდასაწველი აღუვლინეს საწმიდარში ისრაელის ღმერთს. 8 უფლის რისხვა დაატყდა იუდასა და იერუსალიმს და გახადა იგი შესარცხვენად, მოსაოხრებლად და დასასტვენად, როგორც თქვენი თვალით ხედავთ. 9 აჰა, მახვილით დაეცნენ ჩვენი მამები; ჩვენი ვაჟები, ასულები და ცოლები ტყვეობაში არიან ამის გამო. 10 ახლა გულით მწადია აღთქმა დავუდო უფალს, ისრაელის ღმერთს, რათა მიაქციოს ჩვენგან თავისი რისხვა. 11 ჩემო შვილებო, ნუ იქნებით დაუდევარნი, რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა თავის წინაშე დაეყენებინეთ, რომ სამსახური გაგეწიათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმევლები ყოფილიყავით.” 12 და ადგნენ ლევიანები: მახათ ყამასაის ძე, იოელ ყაზარიაჰუს ძე – კეჰათის ძეთაგან; მერარის ძეთაგან: კიში, ძე ყაბდისა, და ყაზარიაჰუ, ძე იეჰალელელისა; გერშონის ძეთაგან: იოახ ზიმას ძე და ყედენ იოახის ძე; 13 ელიცაფანის ძეთაგან: შიმრი და იეყიელი; ასაფის ძეთაგან: ზაქარია და მათანია; 14 ჰემანის ძეთაგან: იეხიელი და შიმყი; იედუთუნის ძეთაგან: შემაყია და ყუზიელი. 15 და შეკრიბეს თავიანთი მოძმენი და განწმიდეს. მივიდნენ, როგორც მეფემ ბრძანა, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის სახლის დასასუფთავებლად. 16 და შევიდნენ მღვდლები უფლის სახლის შიდაში დასასუფთავებლად და გამოხვეტეს ყოველგვარი არაწმიდა, რაც კი უფლის ტაძარსა და უფლის სახლის ეზოში ნახეს. და გამოიტანეს ლევიანებმა გარეთ, კიდრონის ხევში გადასაყრელად. 17 პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს გაწმენდა. თვის მერვე დღეს კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ და რვა დღე წმინდეს უფლის სახლი და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს მოათავეს. 18 და შევიდნენ მეფე იეხიზკიაჰუსთან და მოახსენეს: „გავასუფთავეთ, უფლის მთელი სახლი, სრულადდასაწველის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭელი, საწინაშეო პურის მაგიდა და მთელი მისი ჭურჭელი; 19 ასევე ყველა ის ჭურჭელი, რომელიც მეფე ახაზმა თავის მეფობაში უპატიოჰყო თავისი ურჯულოებით, ჩვენ მოვამზადეთ და წმიდავყავით და აჰა, უფლის სამსხვერპლოს წინ აწყვია ისინი.” 20 დილაადრიანად ადგა მეფე იეხიზკიაჰუ, და შეჰყარა ქალაქის თავები და უფლის სახლში ავიდა. 21 შვიდი კურატი, შვიდი ვერძი, შვიდი ბატკანი და შვიდი თხა მიიყვანეს სამეფოს, საწმიდრისა და იუდას ცოდვისთვის, და აარონის ძეთ – მღვდლებს – უბრძანა, აღევლინათ უფლის სამსხვერპლოზე. 22 და დაკლეს კურატები და აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს; და დაკლეს ვერძები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს; და დაკლეს ბატკნები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს. 23 და მორეკეს ცოდვის ვაცები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დაადეს მათ. 24 და დაკლეს ისინი მღვდლებმა და განწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისათვის ბრძანა მეფემ სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლი. 25 და დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ქნარებითა და ბობღნებით, დავითისა და გადის – მეფის მხილველის – და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მის წინასწარმეტყველთა ხელით. 26 ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით. 27 და გასცა ბრძანება იეხიზკიაჰუმ, რომ აღევლინათ სრულადდასაწველი სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყო სრულადდასაწველის აღვლენა,მაშინვე გაისმა უფლის საგალობელი საყვირების ხმა დავითის, ისრაელის მეფის, საკრავების თანხლებით. 28 და მთელი კრებული თაყვანს სცემდა; მგალობელნი გალობდნენ და საყვირები ხმიანობდნენ. ასე გრძელდებოდა სრულადდასაწველის დამთავრებამდე. 29 სრულადდასაწველს რომ მორჩნენ, მეფემ და ყველა მასთან მყოფმა, მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს. 30 მეფე იეხიზკიაჰუმ და მთავრებმა უთხრეს ლევიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მხილველის სიტყვებით, და ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ. 31 და მიუგო იეხიზიკიაჰუმ და თქვა: „ახლა თქვენ უკვე ნაკურთხი ხართ უფლისათვის, მოდით, მოიყვანეთ საკლავები და სამადლობელნი უფლის სახლში.” და მოიყვანა კრებულმა საკლავები და სამადლობელნი, ხოლო ვინც გულუხვობა გამოიჩინა – სრულადდასაწველი. 32 იმ სრულადდასაწველთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: სამოცდაათი ხარი, ასი ცხვარი, ორასი ბატკანი, ყოველივე ეს უფლისათვის იყო სრულადდასაწველად. 33 სულ შეწირული იქნა: ექვსასი ხარი და სამიათასი ცხვარი. 34 ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და აღარ შეეძლოთ ყველა სრულადდასაწველის გატყავება, ამიტომ მათი მოძმე ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და მღვდლები არ განიწმიდნენ, რადგან ლევიანები უფრო გულმოდგინეობდნენ განსაწმედად, ვიდრე მღვდლები. 35 თანაც უამრავი იყო სრულადდასაწველი სამშვიდობო მსხვერპლის ლურთებთან და სრულადდასაწველის საღვრელებთან ერთად. და ასე აღდგა უფლის სახლის სამსახური. 36 და გაიხარა იეხიზკიაჰუმ და მთელმა ერმა იმის გამო, რაც ერს მოუმზადა უფალმა, რადგან მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი.