ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
281 ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. სწორს არ აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მამამისი დავითი აკეთებდა. 2 დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით და ბაყალების ქანდაკებებიც კი ჩამოასხა. 3 და საკმეველს აკმევდა ბენ-ჰინომის ველზე, და ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელის ძეთაგან. 4 მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ. 5 და ჩააგდო იგი უფალმა, მისმა ღმერთმა, არამის მეფის ხელში. და დაამარცხეს იგი, და მრავალნი დაატყვევეს და დამასკოში წაასხეს. გარდა ამისა, ისრაელის მეფის ხელშიც ჩააგდო, რომელმაც სასტიკად დაამარცხა. 6 ფეკახ რემალიაჰუს ძემ ერთ დღეში ას ოცი ათასი ამოხოცა იუდაში – ყველა კარგი ვაჟკაცი, რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი. 7 ზიქრიმ, ეფრემელმა გოლიათმა, დახოცა: მაყასიაჰუ უფლისწული, სახლთუხუცესი ყაზრიკამი და ელკანა, მეფის მეორე კაცი. 8 და წაასხეს ტყვედ ისრაელის ძეთ თავიანთ მოძმეთაგან ორასი ათასი ქალი, ვაჟი და ასული. დიდძალი ნადავლი წაართვეს და სამარიაში მიიტანეს ნაალაფარი. 9 იყო იქ უფლის წინასწარმეტყველი, სახელად ყოდედი. და გამოვიდა სამარიაში დაბრუნებული ლაშქრის წინაშე და უთხრა: „აჰა, განრისხებულია უფალი, თქვენი მამების ღმერთი, იუდაზე, ხელში ჩაგიგდოთ იგი და თქვენც ამოწყვიტეთ ისინი ისეთი სიცოფით, რომელიც ცას მისწვდა. 10 ახლა კი ფიქრობთ, რომ ყმებად და მხევლებად გაიხადოთ იუდას ძენი და იერუსალიმი! განა თქვენ არა გაქვთ დანაშაული უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე? 11 ახლა კი გამიგონეთ და დააბრუნეთ ტყვეები, თქვენი მოძმეებისგან რომ წამოასხით, თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ.” 12 წინ აღუდგნენ ეფრემის ძეთა თავკაცები: ყაზარიაჰუ იეჰოხანანის ძე, ბერექიაჰუ მეშილემოთის ძე, იეხიზკიაჰუ შალუმის ძე და ყამასა ხადლაის ძე ომიდან მოსულთ, 13 და უთხრეს: „ნუ შემოიყვანთ აქ ტყვეებს, რადგან დანაშაული გვაქვს უფლის წინაშე ჩადენილი, თქვენ კი გინდათ, რომ კიდევ შემატოთ ჩვენს ცოდვებს და დანაშაულებს, რადგან დიდია ჩვენი დანაშაული და რისხვა ისრაელზე.” 14 და მიატოვეს მხედრებმა ტყვეები და ნაალაფარი სარდლებისა და კრებულის წინაშე. 15 და ადგნენ სახელებით მოხსენებული ეს კაცები, მოჰკიდეს ხელი ტყვეებს და, ვინც კი შიშველი იყო მათგან, ყველა შემოსეს იმ ნაალაფარით; შემოსეს და ფეხზე ჩააცვეს, აჭამეს და ასვეს. ზეთი სცხეს, მერე სახედრებზე შესხეს ყველა დაუძლურებული და მიაცილეს იერიხომდე, პალმების ქალაქამდე, მათ მოძმეებამდე. თვითონ კი სამარიაში დაბრუნდნენ. 16 იმ დროს მეფე ახაზმა მოციქულები გაუგზავნა აშურის მთავრებს, რათა დახმარება გაეწიათ მისთვის, 17 და კვლავ მოვიდნენ ედომელები, და დაამარცხეს იუდა და ტყვეები წაასხეს. 18 ფილისტიმელებიც მოედვნენ დაბლობისა და იუდას სამხრეთის ქალაქებს და დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი, გედეროთი, სოქო მისი დაბები, თიმნა და მისი დაბები, გიმზო და მისი დაბები, და იქ დასახლდნენ. 19 ასე დაამდაბლა უფალმა იუდა ახაზის, იუდას მეფის, გამო, რადგან გარყვნა მან იუდა და ცოდვით სცოდავდა უფალს. 20 და მიუხდა მას თილგათ-ფილნესერი, აშურის მეფე, და შეავიწროვა იგი დახმარების ნაცვლად. 21 რადგან გაძარცვა ახაზმა უფლის სახლი, მეფის სახლი, და მთავრები, და მისცა აშურის მეფეს, მაგრამ არა თავისდა შესაწევად. 22 თავისი გასაჭირის ჟამს უფრო სცოდავდა უფლის წინაშე მეფე ახაზი. 23 და მსხვერპლს სწირავდა დამასკოს ღმერთებს, რომელთაც დასცეს იგი, და ამბობდა: „არამის მეფეთა ღმერთებია მათი შემწენი, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიან.” მაგრამ ისინი მისი და მთელი ისრაელის დასამხობად იყვნენ. 24 და მოაგროვა ახაზმა ღვთის სახლის ჭურჭელი და დალეწა უფლის სახლის ჭურჭლეული და დაკეტა ღვთის სახლის კარებები და სამსხვერპლოები დაიდგა იერუსალიმის ყველა კუთხეში. 25 იუდას ყველა ქალაქში გორაკები გამართა ღმერთებისთვის საკმევლის საკმევად და განარისხა უფალი, თავისი მამების ღმერთი. 26 დანარჩენი მისი ამბები და ყველა მისი ნამოქმედარი – პირველნი და უკანასკნელნი – იუდას და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. 27 და განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დამარხეს ქალაქ იერუსალიმში, ოღონდ ისრაელის მეფეთა სამარხში არ ჩაუსვენებიათ. მის ნაცვლად იეხიზკიაჰუ, მისი ძე, გამეფდა.