2 ნეშტთა 26

ივნისი 27, 2015
ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
261 და გამოიყვანა იუდას მთელმა ერმა ყუზიაჰუ, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს, ნაცვლად გაამეფა. 2 მან აღადგინა ელოთი და დაუბრუნა იუდას, მას შემდეგ, რაც განისვენა მეფემ თავის მამებთან. 3 თექვსმეტი წლისა გამეფდა ყუზიაჰუ და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იექოლია, იერუსალიმელი. 4 სწორს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც ამაციაჰუ, მამამისი, აკეთებდა, 5 და ეძიებდა ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია წინასწარმეტყველი, საღვთო ხილვებში განბრძნობილი. ვიდრე ეძიებდა უფალს, ღმერთიც შეეწეოდა მას. 6 და გადიოდა და ებრძოდა ფილისტიმელებს. და დაანგრია გათის, იაბნესა და აშდოდის კედლები და ქალაქები გააშენა აშდოდში და ფილისტიმელებში. 7 ღმერთი შეეწეოდა ფილისტიმელების, არაბების, რომლებიც გურ-ბაყალში ცხოვრობდნენ, და მეყუნიმელთა წინააღმდეგ. 8 ყამონელნი ძღვენს უგზავნიდნენ ყუზიაჰუს და მისმა სახელმა ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია, რადგან მეტად გაძლიერდა იგი. 9 და ააგო ყუზიაჰუმ იერუსალიმში კოშკები კუთხის კარიბჭეზე, ველის კარიბჭეზე და კუთხეში, და გაამაგრა ისინი. 10 და ააგო კოშკები უდაბნოშიც და უამრავი ჭა ამოიყვანა, რადგან ბევრი ხარ-ძროხა ჰყავდა დაბლობში და ვაკეზე. მიწისმუშაკნი და მევენახენი კი მთებში და ქარმელში ჰყავდა, რადგან მიწის მოყვარული იყო. 11 ყუზიაჰუს მებრძოლი ჯარი ჰყავდა, რომელიც გუნდ-გუნდად გამოდიოდა ომში და აღნუსხული იყო მათი რიცხვის მიხედვით იეყიელ მწერლისა და მაყასიაჰუ ზედამხედველის ხელით, და ხანანიას, მეფის ერთ-ერთი კარისკაცის, ხელმძღვანელობით. 12 მამისსახლთა თავკაცების, მაგარ ვაჟკაცთა, სრული რიცხვი იყო ორი ათას ექვსასი. 13 მათ ხელში იყო სამასშვიდი ათას ხუთას კაციანი ლაშქარი, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა მეფის დასახმარებლად მტრების წინააღმდეგ. 14 და დაუმზადა ყუზიაჰუმ მთელ ლაშქარს ფარები, შუბები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები, მშვილდები და შურდულის ქვები. 15 და გააკეთა იერუსალიმში გამომგონებლის მიერ გამოგონებული მანქანები, რომ დაედგათ კოშკებზე და კუთხეებში დიდრონი ისრებისა და ლოდების სატყორცნად. შორს გაითქვა სახელი, რადგან საკვირველად იყო შეწევნილი, ვიდრე არ გაძლიერდა. 16 და როცა გაძლიერდა, გადიდგულდა და თავისდა დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე. 17 და მიჰყვა უკან მღვდელი ყაზარიაჰუ უფლის მღვდლების, ოთხმოცი ვაჟკაცის თანხლებით. 18 წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიაჰუს და უთხრეს: „შენ არ გეკუთვნის, ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონის ძეთ, რომელნიც მკვმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდრიდან, რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისაგან.” 19 და განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად. და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან. 20 და მიიხედეს მისკენ ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა და ყველა მღვდელმა და აჰა, შუბლზე კეთრი აქვს. და სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა გამორიდებას, რადგან უფალმა დაჰკრა მას. 21 სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ყუზიაჰუ, და ცხოვრობდა ცალკე სახლში, როგორც კეთროვანი, რადგან მოკვეთილი იყო უფლის სახლიდან. და იოთამი, მისი ძე, განაგებდა მეფის სახლს და განიკითხავდა ქვეყნის ერს. 22 ყუზიაჰუს დანარჩენი ამბები – პირველნი და უკასკნელნი – აღწერა წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ. 23 და განისვენა ყუზიაჰუმ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავისი მამების გვერდით, მეფეთა სამარხავ მინდორზე, რადგან ამბობდნენ: კეთროვანიაო. მის ნაცვლად იოთამი, მისი ძე, გამეფდა.
თავი ოცდამეხუთე                                                                                                                           თავი ოცდამეშვიდე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close