ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
221 და გაამეფეს იერუსალიმის მცხოვრებლებმა მის ნაცვლად ახაზიაჰუ მისი უმცროსი ვაჟი, რადგან უფროსები ბანაკში შემოჭრილმა არაბებმა გაჟლიტეს. და გამეფდა ახაზიაჰუ, იუდას მეფის, იორამის, ვაჟი. 2 ორმოცდაორი წლის იყო ახაზიაჰუ, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ყომრის ასული. 3 ისიც ახაბის სახლის გზით დადიოდა, ვინაიდან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას. 4 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, ახაბის სახლის მსგავსად, რადგან ის იყო მისი მრჩეველი, მისდა საუბედუროდ. 5 მათივე რჩევით დადიოდა და გაჰყვა იორამ ახაბის ძეს, ისრაელის მეფეს, არამის მეფესთან, ხაზაელთან, საბრძოლველად გილყადის რამოთში. და დაჭრეს არამელებმა იორამი. 6 მობრუნდა, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობებისათვის, რომლებიც მიაყენეს, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. და ჩამოვიდა ახაზიაჰუ იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი. 7 ღვთისაგან იყო ახაზიაჰუს დაღუპვა იორამთან მისვლით, მისვლისთანავე იორამთან ერთად რომ გაილაშქრა იეჰუ ნიმშის ძეზე, რომელსაც უფალმა სცხო ახაბის სახლის დასაქცევად. 8 როცა იეჰუ მსჯავრს სდებდა ახაბის სახლს, მოძებნა იუდას მთავარნი და ახაზიაჰუს ძმისწულნი, ახაზიაჰუს რომ ემსახურებოდნენ, და დახოცა ყველანი. 9 და მოძებნა ახაზიაჰუც და შეიპყრეს იგი, როცა სამარიაში იმალებოდა, და მიჰგვარეს იეჰუს. მერე მოკლეს და დამარხეს, რადგან თქვეს: „შვილია იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძიებდა უფალს.” აღარავინ დარჩა ახაზიაჰუს სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა. 10 როცა ღოთოლიამ, ახაზიაჰუს დედამ დაინახა, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ადგა და გაწყვიტა იუდას სახლის მთელი სამეფო თესლი. 11 აიყვანა იეჰოშაბყათმა, იორამ მეფის ასულმა, იოაში, ახაზიაჰუს ვაჟი, რადგან იეჰოშაბყათი, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლი, ახაზიაჰუს და იყო, თავის ძიძასთან ერთად და საწოლ ოთახში გადამალა ღოთოლიასაგან და ვერ მოკლეს. 12 ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად ღვთის სახლში, ხოლო ქვეყანაზე ღოთოლია მეფობდა.