2 მეფეთა 22

By
მაისი 22, 2015
ძველი აღთქმა
2 მეფეთა

221 და წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან. 2 და თქვა: „უფალი კლდეა ჩემი, ციხე-სიმაგრეა ჩემი, მხსნელია ჩემი! 3 ღმერთი კლდეა ჩემი, რომელსაც ვესავ. ფარია ჩემი და თავშესაფარი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისაგან! 4 უფალს, დიდებულს, შევღაღადე და მტრებს გადავურჩი. 5 მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, დაღუპვის ნიაღვრებმა შემაშინეს. 6 შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს. 7 ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს, ჩემს ღმერთს შევძახე, და ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა, და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს. 8 და შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი იძროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აღეგზნო იგი. 9 ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და შემჭმელი ცეცხლი მისი ბაგეებიდან, მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ. 10 და მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა, ღრუბელი მოექცა ფეხქვეშ. 11 და ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და ქარის ფრთებზე გამოჩნდა. 12 კარვად წყვდიადი მოიბურა, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი. 13 მისი ბრწყინვალებით გიზგიზებენ ცეცხლის ნაკვერცხლები. 14 და ციდან დაიქუხა უფალმა, და უზენაესმა ხმა გამოსცა. 15 და ისრები გატყორცნა და მიმოიფანტა ჩემი მტრები, და იგრგვინა და გზა-კვალი აუბნია. 16 და გამოჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან. 17 ხელი გადმოყო ზეგარდმო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა. 18 მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან, რომელთაც დამძალეს. 19 ჭირში ვიყავ. როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი. 20 ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო მან. 21 მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლისამებრ და ჩემი ხელების სიწმინდისამებრ გადამიხადა. 22 რადგან ვიცავდი უფლის გზას, და ჩემი ღმერთისათვის არ შემიცოდავს. 23 რადგან მისი მცნებები წინ მედო, და მისი წესებისთვის არ გადამიხვევია. 24 წრფელი ვიყავ მის მიმართ, და ცოდვას გავურბოდი. 25 და გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ, და სიწმინდისაებრ მის თვალში. 26 მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ. 27 უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ! და უკუღმართთან მისი ცბიერებისამებრ. 28 დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, და მედიდურებს მზერით აცამტვერებ. 29 რადგან, უფალო, ჩემი ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს. 30 რადგან შენით ურდოებს შევებმები, ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები. 31 წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი, 32 რადგან სად არის სხვა ღმერთი, გარდა უფლისა? სად არის კლდე, გარდა ჩვენი ღვთისა? 33 ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი და გზის წრფელად წარმმართველი. 34 ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკზე დამაყენებს. 35 საბრძოლველად გამიწრთვნის ხელებს, და მოჭიმავს სპილენძის მშვილდს ჩემი მკლავი. 36 ხსნის ფარს შენ მაძლევ, და შენი მოწყალება განმადიდებს. 37 შენ მიფართოებ ნაბიჯებს, და აღარ მეჩორთება კოჭები. 38 მტერს ვედევნები მოსასპობად, და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ. 39 ვსპობ და ვანადგურებ, და ვეღარ დგებიან, ჩემს ფეხებთან ეცემიან. 40 შენ შემომსარტყლავ ძალას საბრძოლველად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს წინააღმდგომებს. 41 მტრების ზურგს მაჩვენებ და ვაცამტვერებ ჩემს მოძულეებს. 42 აქეთ-იქით იხედებიან, მაგრამ არა ჩანს მხსნელი, უფლისაკენ – მაგრამ ხმას არ სცემს. 43 მიწის მტვერივით ვაცამტვერებ, ქუჩის გოროხივით ვამტვრევ და ვჯეგავ. 44 შენ მიხსნი ჩემი მეამბოხე ხალხისაგან, შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება. 45 უცხო ხალხები მეპირფერებიან, როგორც კი მოესმებათ ჩემი, მემორჩილებიან. 46 უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან. 47 ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა. 48 ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი; 49 მტრებისგან ჩემი გამრიდებელი, და ჩემს მოჯანყეებზე ჩემი ამამაღლებელი, მოძალადეთაგან ჩემი დამფარავი! 50 ამიტომ გადიდებ, შენ. უფალო, ხალხთა შორის, და შენს სახელს ვუგალობ. 51 დიდი ხსნის მომტანი თავისი მეფისთვის, მწყალობელი თავისი ცხებულისათვის, დავითისთვის და მისი მოდგმისთვის უკუნისამდე.”

თავი ოცდამეერთე
                                                                                                                           თავი ოცდამესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close