2 მეფეთა 17

მაისი 20, 2015
ძველი აღთქმა
2 მეფეთა
171 და უთხრა ახითოფელმა აბესალომს: „შემარჩევინე თორმეტი ათასი კაცი, ავდგები და დავედევნები ამაღამვე დავითს. 2 და თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია. შიშის ზარს დავცემ და გაეფანტება მთელი ხალხი, და მოვკლავ მარტო დარჩენილ მეფეს. 3 და შენსკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, და როგორც კი ყველა მობრუნდება, ვისაც ეძებ, მაშინ მშვიდობით იქნება მთელი ხალხი.” 4 და სწორად მოეჩვენათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას. 5 და თქვა აბესალომმა: „ხუშაი არქელსაც მოუხმეთ. მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის.” 6 და მივიდა ხუშაი აბესალომთან, და უთხრა აბესალომმა: „ასე და ასე ლაპარაკობს ახითოფელი. მოვიქცეთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და, შენ ილაპარაკე.” 7 და უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „არ ვარგა ამჯერად ახითოფელის თათბირი.” 8 და თქვა ხუშაიმ: „ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს: მამაცები არიან და გამწარებულნი, როგორც ბელებწაგვრილი ძუ დათვი მინდვრად. მამაშენი მებრძოლი კაცია და ხალხთან ერთად იფხიზლებს ღამით. 9 ახლა ალბათ რომელიმე მღვიმე ან სადმე სხვა ადგილას იმალება. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, დამარცხდა აბესალომის ხალხიო, 10 მაშინ უმამაცესნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაიბნევიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა მაგარი კაციც არის მამაშენი და რა მამაცი ხალხია მისი მომხრეები. 11 ამიტომ გირჩევ: შემოიკრიბო მთელი ისრაელი, დანიდან ბეერ-შებაყამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საბრძოლველად. 12 და მივადგეთ მას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს დავეცეთ, როგორც ცვარი ეცემა მიწას, და ერთ კაცსაც არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან. 13 თუ რომელიმე ქალაქში ჩაიკეტება, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ხევში ჩავათრევთ, ისე რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას,” 14 და თქვა აბესალომმა და ყველა ისრაელის ძემ: „ხუშაი არქელის თათბირი სჯობია ახითოფელის თათბირს.” უფალმა გადაწყვიტა ჩაეშალა ახითოფელის უკეთესი თათბირი, რათა უბედურება დაეთია აბესალომისთვის უფალს. 15 და უთხრა ხუშაიმ ცადოკს და აბიათარს, მღვდლებს: „ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესებს, ხოლო მე ასე და ასე ვურჩიეო. 16 ახლა საჩქაროდ გააგზავნე კაცი და შეუთვალე დავითს: უდაბნოს ვაკეზე ნუ გაათევ-თქო ამ ღამეს, არამედ გაღმა გადი, თორემ დაიღუპება მეფეც და მთელი მისი ხალხი.” 17 როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მხევალი და უთხრა, წასულიყვნენ და ეცნობებინათ მეფე დავითისთვის, რადგან ქალაქში გამოჩენა არ შეეძლოთ მათ. 18 მაგრამ დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა აბესალომს, მაგრამ საჩქაროდ წავიდნენ ორივენი და მოვიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში, რომელსაც ჭა ჰქონდა ეზოში და შიგ ჩავიდნენ. 19 და ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭის თავს, და ზედ ბურღული დააყარა. და დაიფარა კვალი. 20 და მივიდნენ აბესალომის კაცები ამ ქალთან სახლში და იკითხეს: „სად არიან ახიმაყაცი და იონათანი?” და უთხრა ქალმა: „წყალს გაღმა გავიდნენ.” და ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ. 21 მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან და ამბავი მიუტანეს მეფე დავითს. უთხრეს დავითს: „ადექით და წყალგაღმა გადით, რადგან ასე და ასე ურჩია თქვენზე ახითოფელმა.” 22 და ადგა დავითი და მთელი მისი ხალხი და გადავიდნენ იორდანეზე განთიადამდე არავინ დარჩენილმა იორდანეს გაღმა გაუსვლელი. 23 და როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი და შინ წავიდა, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა თავის სახლს და თავი ჩამოიღრჩო. და მოკვდა და მამისეულ სამარხში დამარხეს. 24 ამასობაში დავითი მივიდა მახანაიმში, ხოლო აბესალომმა გადალახა იორდანე და უკან მიჰყვა მას მთელი ისრაელის ხალხი. 25 იოაბის ნაცვლად ყამასა დაადგინა აბესალომმა მხედართმთავრად. ყამასას მამა იყო კაცი, სახელად ითრა იზრეყელელი, რომელიც შევიდა აბიგაილთან, ნახაშის ასულთან, ცერუიას დასთან, იოაბის დედასთან. 26 და დაიბანაკეს ისრაელმა და აბესალომმა გილყადის ქვეყანაში. 27 როცა დავითი მახანაიმში მივიდა, შობიმ, ნახაშის ძემ, ყამონის ძეთაგანმა, რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ, ლოდებარიდან, ბარზილაი გილყადელმა, როგელიმიდან 28 ქვეშაგებელი, თასები და თიხის ჭურჭელი, ხორბალი და ქერი, ფქვილი და ქუმელი, ცერცვი და ოსპი, 29 თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან.
თავი მეთექვსმეტე                                                                                                               თავი მეთვრამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close