ძველი აღთქმა
2 მეფეთა
161 და როდესაც ცოტაზე ჩასცდა დავითი მთის წვერს, შემოხვდა მას ციბა, მეფიბოშეთის მსახური, წყვილი შეკაზმული სახედრითურთ, მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი გალა ლეღვის ჩირი და ერთი კოლოტი ღვინო. 2 და უთხრა მეფემ ციბას: „რისთვის გინდა ესენი?” და თქვა ციბამ: „სახედრები მეფის სახლისთვის სამგზავროდ, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად, ღვინო უდაბნოში დაღლილ-დაქანცულთათვის სასმელად.” 3 და უთხრა მეფემ: „სად არის შენი ბატონის ვაჟი?” და უთხრა ციბამ მეფეს: „იერუსალიმში დარჩა, რადგან ფიქრობს, ახლა მაინც დამიბრუნებსო ისრაელის სახლი მამაჩემის სამეფოს.” 4 და უთხრა მეფემ ციბას: „შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი.” და თქვა ციბამ თაყვანისცემით: „მადლი ვპოვო შენს თვალში, მეფე-ბატონო.” 5 ბახურიმს რომ მიუახლოვდა მეფე დავითი, ხედავს გამოდის იქიდან საულის სახლის მონათესავე კაცი, სახელად შიმყი, გერას ძე, მოდის და მოიწყევლება. 6 და ქვებს ესროდა დავითს და დავით მეფის მსახურთ, თუმცა ხალხი და მეომრები მარჯვნივ და მარცხნივ მიჰყვებოდნენ. 7 ასე სწყევლიდა მას შიმყი: „განვედ, განვედ, სისხლისმსმელო, უგვანო კაცო! 8 შენზევე მოაქცია უფალმა სისხლი საულის სახლისა, რომლის ნაცვლად გამეფდი, და შენს ძეს, აბესალომს, ჩაუგდო მეფობა ხელში. აჰა, მოგეზღო ბოროტების წილ, რადგან სისხლისმსმელი კაცი ხარ!” 9 უთხრა აბიშაიმ, ცერუიას ძემ, მეფეს: „რისთვის წყევლის ეს მკვდარი ძაღლი ჩემს მეფე-ბატონს? წავალ და თავს წავაცლი!” 10 და უთხრა მეფემ: „რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ იწყევლება, იქნებ უფალმა უბრძანა, დასწყევლეო დავითი. ვინ იტყვის, ასე რატომ აკეთებო?” 11 და უთხრა დავითმა აბიშაის და ყველა თავის მსახურს: „ხომ ხედავთ, ჩემი ღვიძლი შვილი მოსაკლავად მომდევს და ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს, უფალს ასე უბრძანებია მისთვის. 12 ეგებ მოხედოს უფალმა ჩემს გასაჭირს და დღევანდელი მისი წყევლის სანაცვლოდ სიკეთე მომაგოს უფალმა.” 13 და გაუდგნენ გზას დავითი და მისი კაცები. მთის ფერდობს მიუყვებოდა მის გასწვრივ შიმყი და იწყევლებოდა, ქვებს ისროდა მათკენ და მტვერს აყრიდა. 14 და გავიდნენ მეფე და მისი თანმხლები ხალხი, დაღლილ-დაქანცულნი და იქ მოითქვეს სული. 15 ხოლო აბესალომი და მთელი ისრაელის ხალხი შევიდნენ იერუსალიმში, და ახითოფელიც მასთან იყო. 16 და როცა მივიდა ხუშაი არქელი, დავითის ერთგული კაცი, აბესალომთან, უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „იცოცხლოს მეფემ! იცოცხლოს მეფემ!” 17 და უთხრა აბესალომმა ხუშაის: „ეს არის შენი სიმტკიცე შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან?” 18 უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთან ვარ და მასთან დავრჩები. 19 ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, ასევე შენ უნდა გემსახურო.” 20 და უთხრა აბესალომმა ახითოფელს: „გვირჩიე, რა უნდა გავაკეთოთ.” 21 და უთხრა ახითოფელმა აბესალომს: „შედი მამაშენის ხარჭებთან, სახლის საპატრონოდ რომ დატოვა. გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ხარ მამაშენისგან, და გამხნევდებიან შენი მომხრეები.” 22 და გაშალეს კარავი აბესალომისათვის ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ. 23 ახითოფელის თათბირი, რომელსაც იგი იმ ხანებში იძლეოდა, ისეთი იყო, გინდ ღმერთს შეკითხვოდა ვინმე. ასეთი იყო ახითოფელის თათბირი დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც.