4 თუმცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან მე ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი საუკუნოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან კი მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან კი ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე. 5 ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს – ისრაელის ტახტზე. 6 და მითხრა: ‘შენი ძე, სოლომონი, ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ჩემს ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა. 7 უკუნისამდე გავამყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და რჯულდებას, როგორც დღემდე იცავდა.’ 8 ახლა კი მთელი ისრაელის უფლის კრებულის თვალწინ ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა ამ სიმდიდრით სავსე მიწას დაეპატრონოთ და თქვენს შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ იგი საუკუნოდ, 9 ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცან მამაშენის ღმერთი და მთელი სულითა და გულით ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ მას, იპოვი კიდეც; ხოლო თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს. 10 ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ იდექი და აკეთე.“