1 ნეშტთა
211 სატანა აღდგა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად. 2 და უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: „წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბეერ-შებაყიდან დანამდე და წარმომიდგინეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი.” 3 და თქვა იოაბმა: „რაც არის, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ერი. განა ყველა ისინი, ჩემო ბატონო მეფევ, ჩემი ბატონის მსახურნი არ არიან? მაშ ამას რაღად ითხოვს ჩემი ბატონი? რატომ დაედოს ცოდვა ისრაელს?” 4 მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. და წავიდა იოაბი და მთელი ისრაელი მოიარა და იერუსალიმში დაბრუნდა. 5 და მიართვა იოაბმა დავითს აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა მთელს ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი, ხოლო იუდაში ოთხას-სამოცდაათი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი. 6 ლევიანები და ბენიამინი მათ შორის არ აღურიცხავს, რადგან არ მოეწონა იოაბს მეფის სიტყვა. 7 ბოროტი იყო ეს საქმე ღვთის თვალში, ამიტომ დაამარცხა ისრაელი. 8 და უთხრა დავითმა ღმერთს: „დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.” 9 და დაელაპარაკა უფალი გადს, დავითის ნათელმხედველს, და უთხრა: 10 „წადი და ელაპარაკე დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სამ სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო.’” 11 და მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘ამოირჩიე: 12 სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვის დევნილობა შენი მტრისგან და შენი მტრის მახვილი რომ მოგწვდეს, თუ სამი დღის მანძილზე უფლის მახვილი, შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი, ისრაელის მთელ სამკვიდრებელში.’” 13 და უთხრა დავითმა გადს: „ძალიან მიჭირს. მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება. ოღონდაც კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.” 14 და მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში და სამოცდაათი ათასი კაცი გაწყდა ისრაელში. 15 და გაგზავნა ღმერთმა იერუსალიმში ანგელოზი მის გასანადგურებლად. და როდესაც მან განადგურებას მიჰყო ხელი, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი!” უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა. 16 და გაიხედა და დაინახა დავითმა ცისა და დედამიწის შუა მდგარი უფლის ანგელოზი; ხელში თავისი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა, იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი. სახეშებურვილნი, პირქვე დაემხნენ. 17 და უთხრა დავითმა ღმერთს: „ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო! ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად.” 18 და უთხრა უფლის ანგელოზმა დავითისთვის სათქმელად გადს: „ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე”. 19 და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი. 20 და გამოიხედა ორნანმა დაინახა ანგელოზი და თავის ოთხ ვაჟთან ერთად დაიმალა. ორნანი იმ დროს ხორბალს ფქვავდა. 21 და მივიდა დავითი ორნანთან. და გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად თაყვანი სცა დავითს. 22 და უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი შენი კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ მასზე, სრულ საფასურად მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.” 23 და უთხრა ორნანმა დავითს: „აიღოს და გააკეთოს მეფე ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად მომირთმევია, კევრები შეშად, ხორბალი საძღვნოდ. ყველაფერს ვიძლევი.” 24 და უთხრა მეფე დავითმა ორნანს: „არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა აღსავლენს.” 25 ამ ადგილის საფასურად დავითმა ექვსასი შეკელი ოქრო მისცა ორნანს. 26 იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, და მიიტანა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა. 27 და უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგო. 28 იმ დროს, როცა დავითმა დაინახა, რომ უფალმა უპასუხა ორნან იებუსელის კალოზე, იქ შესწირა მსხვერპლი. 29 უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა, და სრულადდასაწველის სამსხვერპლო იმჟამად გაბაონის ბორცვზე იდგა. 30 და არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის შესაკითხად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილის ეშინოდა.