1 ნეშტთა 16

By
ივნისი 4, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

161 მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა დავითს გაშლილი. მერე კი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი შესწირეს ღმერთს. 2 და მოამთავრა დავითმა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვა და უფლის სახელით დალოცა ერი. 3 და ჩამოურიგა ისრაელის მთელ ერს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა. 4 და დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა. 5 ასაფი, მათი მეთაური, მისი მომდევნონი: ზაქარია, იეყიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითია, ელიაბი, ბენაიაჰუ, ყობედ-ედომი და იყიელი – ბობღნებსა და ქნარებზე. ხოლო ასაფი წინწილების დამკვრელად. 6 მღვდლები: ბენაიჰუ და იახაზიელი კი საყვირებზე მუდამ უფლის აღთქმის კიდობნის წინ. 7 შემდეგ, იმ დღეს, შეასხა დავითმა პირველად ქება უფალს ასაფისა და მისი ძმების ხელით: 8 „ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი. 9 უმღერეთ მას, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე. 10 დაიკვეხეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მეძიებელთა. 11 ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის. 12 გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი. 13 შთამომავალნო ისრაელისა, მისი მსახურისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო. 14 ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი. მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი. 15 ახსოვს საუკუნოდ აღთქმა თვისი, სიტყვა, რომელიც ბრძანა ათასი თაობისთვის, 16 რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი – ისაკთან. 17 და დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს – საუკუნო აღთქმად. 18 უთხრა: ‘შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.’ 19 როცა ისინი, თითზე ჩამოსათვლელნი, ცოტანი და იქ შეხიზნულნი,. 20 იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან – სხვა ერთან, 21 არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და მიუთითა მათზე მეფეებს: 22 ‘არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.’ 23 უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ამახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი. 24 მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები. 25 რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე საშიშია ის. 26 რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შეჰქმნა. 27 მშვენიერება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა – მის ტაძარში. 28 შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება. 29 შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში. 30 ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. 31 გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: ‘უფალი მეფობს!’ 32 იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, 33 მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი, რადგან მოვა ქვეყნიერების განსასჯელად. 34 აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი. რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 35 და თქვით: ‘გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო, შეგვკრიბე და დაგვიცავ ხალხებისგან, რათა დავიდოთ შენი წმიდა სახელი, დავიქადნო შენი ქება-დიდებით’. 36 კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე.” და მიუგო ერმა: „ამენ! დიდება უფალს!” 37 და დატოვა დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიოთ მუდმივად, ყოველდღიურად, 38 და ყობედ-ედომი და მისი ძმები – სამოცდარვანი. ყობედ-ედომ იედითუნის ძე და ხოსა კი კარისმცველებად, 39 მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა, 40 რომ მუდამ, დილა-საღამოობით, სრულადდასაწველი აღევლინათ უფლისათვის სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე, და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს. 41 მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 42 მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთენის ძენი კი კარიბჭესთან. 43 ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. და დავითიც თავისი სახლის დასალოცად გაბრუნდა.

თავი მეთხუთმეტე                                                                                                                              თავი მეჩვიდმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close