ძველი აღთქმა
1 მეფეთა
61 შვიდ თვეს იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში. 2 მოიხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: „რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვასწავლეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილზე.” 3 მიუგეს: „თუ ისრაელის ღვთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვნის გარეშე ნუ გაგზავნით. შესწირეთ დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი. მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი.” 4 თქვეს: „რა უნდა შევწიროთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად?” მიუგეს: „ხუთ-ხუთი ოქროს ბუგრი და ხუთ-ხუთი ოქროს თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ. რადგან ერთია სასჯელი თქვენზე და თქვენს მთავრებზე. 5 გააკეთეთ გამოსახულებები თქვენი ბუგრებისა და გამოსახულებები თქვენი თაგვებისა, რომლებიც აჩანაგებენ ქვეყანას და პატივს მიაგებთ ამით ისრაელის ღმერთს. იქნებ შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთებზე და თქვენს ქვეყანაზე. 6 რატომ ისასტიკებთ გულს, როგორც ეგვიპტელები და ფარაონი ისასტიკებდნენ? განა არ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი გაამწარა ისინი უფალმა? 7 ახლა ადექით და ერთი ახალი ურემი გააკეთეთ. გამოარჩიეთ ერთნაყოლი ორი მეწველი, უღელდაუდგმელი ფური, და შეაბით ფურები ურემში, ხბორები კი შინ გააბრუნეთ, 8 აიღეთ უფლის კიდობანი და ურემზე შედგით. სკივრში ოქროს ნივთები ჩააწყვეთ, რომელთაც დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად ატანთ, და გვერდში მიუდგით. მერე გაუშვით, და წავიდეს. 9 თვალი გააყოლეთ და, თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება. თუ არადა, გეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გწევია ეს ამბავი.” 10 ასეც გააკეთა ხალხმა. გამოარჩიეს ერთნაყოლი ორი მეწველი ფური და ურემში შეაბეს. ხბორები კი შინ დაამწყვდიეს. 11 ურემზე შედგეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს თაგვებითა და თავიანთი ბუგრების გამოსახულებებით. 12 პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ ფურები. ერთ გზას მიჰყვებოდნენ და ბღაოდნენ, არც მარჯვნივ გადაუხვევიათ, არც მარცხნივ. უკან ფილისტიმელთა მთავრები მისდევდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე. 13 ბეთ-შემეში ამ დროს პურს მკიდა მინდორში. გაიხედეს და დაინახეს კიდობანი, და გაუხარდათ დანახვა. 14 ბეთ-შემეშელ იესოს ყანაში შევიდა ურემი და იქ გაჩერდა. დიდი ქვა იდო იქ. ურმის ხეები დაჩეხეს და ფურები სრულადდასაწველად შესწირეს უფალს. 15 ლევიანებმა გადმოიღეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს ნივთებით და იმ დიდ ქვაზე დადეს. და ბეთ-შემეშელებმა სრულადდასაწველი შესწირეს და საკლავი დაუკლეს უფალს იმ დღეს. 16 ეს რომ დაინახეს, იმავე დღეს გაბრუნდა ყეკრონს ფილისტიმელთა ხუთი მთავარი. 17 აი, ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად: ერთი აშდოდისათვის იყო, ერთი – ღაზასთვის, ერთი – აშკელონისთვის, ერთი გათისთვის, ერთიც ყეკრონისთვის. 18 იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვისამებრ, რომლებიც ეკუთვნოდა ხუთ მთავარს – ციხე-სიმაგრიანი ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო დაბებამდე, და დიდ ქვამდე, სადაც დაასვენეს უფლის კიდობანი, და ის დღემდე ბეთ-შემეშელი იესოს მინდორში იმყოფება. 19 მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში. ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა. მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი. 20 თქვეს ბეთ-შემეშელებმა: „ვინ დაუდგება უფალს, ამ წმიდა ღმერთს? ვისთან წავა ის ჩვენგან?” 21 გაუგზავნეს მოციქულები კირიათ-იეყარიმის მოსახლეობას და შეუთვალეს: „დააბრუნეს ფილისტიმელებმა უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთ.”