1 მეფეთა 29

მაისი 11, 2015

ძველი აღთქმა
1 მეფეთა

291 ფილისტიმელთა მთავრები თავ-თავიანთი ასეულებითა და ათასეულებითურთ ვიდოდნენ. დავითი და მისი ხალხი კი უკან მისდევდნენ აქიშს. 2 და თქვეს ფილისტიმელთა მთავრებმა: „რა უნდათ ამ ებრაელებს?” და უთხრა აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: „ეს ხომ დავითია, ისრაელის მეფის საულის მსახური. წელიწადზე მეტია ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის დღიდან მისი გამოქცევისა დღემდე.” 3 და ბრაზობდნენ მასზე ფილისტიმელი მთავრები და უთხრეს ფილისტიმელმა მთავრებმა: „უკანვე გაისტუმრე ეგ კაცი. დაბრუნდეს თავის ადგილას, სადაც გაგიწესებია. ნუ წამოგყვება ბრძოლაში, რომ ბრძოლის დროს მტრად არ გვექცეს. რითი მოიგებს თავის ბატონის გულს, თუ არა ჩვენი კაცების თავებით? 4 ეს ხომ ის დავითია, რომელზედაც მღეროდნენ მროკველები: ‘მოსრა საულმა თავისი ათასები, დადავითმა კი ათიათასები?’” 5 და უხმო აქიშმა დავითს და უთხრა: „ცოცხალია უფალი! პატიოსანი კაცი ხარ და კეთილად მიჩნს შენი მისვლა-მოსვლა ჩემს ბანაკში, რადგან ცუდი არაფერი შემინიშნავს შენთვის დღიდან შენი მოსვლისა ჩემთან, მაგრამ მთავრებს არ მოუხველ თვალში. 6 და ახლა მშვიდობით გაბრუნდი უკან და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც თვალში არ მოსდით ფილისტიმელ მთავრებს.” 7 და უთხრა დავითმა აქიშს: „რა გავაკეთე ან რა შენიშნე ისეთი შენს მსახურს დღიდან შენთან მოსვლისა, რომ არ წავიდე და არ ვიბრძოლო ჩემი ბატონი მეფის მტრებთან?” 8 მიუგო აქიშმა და უთხრა დავითს: „ვიცი, რომ ანგელოზივით ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელი მთავრები ამბობენ, არ წამოგვყვესო ბრძოლაში. 9 და ახლა ადექით დილაადრიანად შენ და შენი ბატონის მსახურნი, შენ რომ მოგყვნენ, ადექი დილაადრიანად და, როცა ინათებს, გაბრუნდით უკან.” 10 და ადგნენ დავითი და მისი კაცები, რათა წასულიყვნენ დილით და გაბრუნებულიყვნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში, ხოლო ფილისტიმელები იზრეყელისკენ წავიდნენ. 11 სანამ მესამე დღეს დავითი და მისი კაცები ციკლაგში მივიდოდნენ, ყამალეკელები სამხრეთიდან დაესხნენ ციკლაგს, გაანადგურეს ციკლაგი და გადაწვეს.
თავი ოცდამერვე                                                                                                                          თავი ოცდამეათე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close