1 მეფეთა 28

მაისი 10, 2015
ძველი აღთქმა
1 მეფეთა
281 და უთხრა დავითმა აქიშს: „ახლა გაიგებ, რას გააკეთებს შენი მსახური.” და უთხრა აქიშმა დავითს: „ამისთვის ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ.” 2 და მოკვდა სამუელი და დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა, და დამარხეს რამაში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მესულთანენი და მჩხიბავნი. 3 შეიყარნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნემში დაბანაკდნენ. და საულმაც შეჰყარა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაიბანაკეს. 4 როცა დაინახა საულმა ფილისტიმელთა ბანაკი, შეეშინდა და ძლიერ შეუკრთა გული. 5 დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმითა და არც წინასწარმეტყველთა პირით. 6 და უთხრა საულმა თავის მსახურს: „მომიძებნეთ დედაკაცი, მესულთანე. მივალ მასთან და ვამკითხვინებ.” და უთხრეს მსახურებმა: „აქ, ყენდორში არის მესულთანე დედაკაცი.” 7 და სახე იცვალა საულმა, გადაიცვა სხვა სამოსელი, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა დედაკაცთან ღამით. და უთხრა: „მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე ვისზეც გეტყვი.” 8 და უთხრა დედაკაცმა: „კარგად უწყი, რაც გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპავად?” 9 უფალი დაუფიცა საულმა: „ცოცხალია უფალი! ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის.” 10 და თქვა დედაკაცმა: „ვინ ამოგიხმო?” უთხრა: „სამუელი ამომიხმე.” 11 და დაინახა სამუელი დედაკაცმა და ხმამაღლა იყვირა, და უთხრა ქალმა საულს: „რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ!” 12 და უთხრა მას მეფემ: „ნუ გეშინია. რას ხედავ?” უთხრა დედაკაცმა: „ღმერთის მსგავსს ვხედავ, მიწიდან ამომავალს.” 13 ჰკითხა: „როგორ გამოიყურება?” თქვა: „მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, გრძელი მოსასხამი ბურავს.” მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელია იგი, და მიწად დაიხარა და თაყვანისცა. 14 და უთხრა სამუელმა საულს: „რისთვის შემაწუხე, რად ამომიყვანე?” და უთხრა საულმა: „ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. და შენ ამოგიხმე, რომ მასწავლო, როგორ მოვიქცე.” 15 და უთხრა სამუელმა: „მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა? 16 ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით: გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს – დავითს, 17 რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას. 18 და ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები. ისრაელის ბანაკსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს.” 19 უცებ მთელი ტანით დაეცა მიწაზე საული, დიდად შეეშინდა სამუელის სიტყვებისა. ძალაც გამოლეული ჰქონდა, რადგან მთელი ის დღე და ის ღამე არ ეჭამა პური. 20 და მივიდა დედაკაცი საულთან და, როცა დაინახა, რომ დიდად შეშფოთებული იყო იგი, უთხრა: „აჰა, ისმინა შენი ხმისა შენმა მხევალმა და სული დავიდე ნებზე და შევასრულე შენი ბრძანება. 21 ახლა შენც ისმინე შენი მხევლის ხმა: პურის ნაჭერს დაგიდებ წინ და შეჭამე, ძალა რომ მოიცე უკან წასასვლელად.” 22 და იუარა საულმა და თქვა: „არ შევჭამ.” და როცა არ მოეშვნენ მისი მსახურნი და დედაკაციც, დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა. 23 და ჰყავდა დედაკაცს სახლში ნასუქალი ხბო, სასწრაფოდ დაკლა იგი, აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და ხმიადები გამოაცხო. 24 და მიართვა საულს და მის მსახურთ და მათაც ჭამეს. მერე ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ. 25 და შეჰყარეს ფილისტიმელებმა მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში, ხოლო ისრაელი, იზრეყელში რომ წყაროა, იქ იყო დაბანაკებული.
თავი ოცდამეშვიდე                                                                                                                თავი ოცდამეცხრე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close