1 მეფეთა 27

მაისი 10, 2015
ძველი აღთქმა
1 მეფეთა
271 და ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გათის მეფესთან. 2 და ცხოვრობდა დავითი აქიშთან გათში, თვითონ და მისი კაცები თავ-თავისი ოჯახებითურთ, დავითი და მისი ორი ცოლი – იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი აბიგაილი, ნაბალის ქვრივი. 3 და შეატყობინეს საულს, გათში გაიქცაო დავითი, და მეტი აღარ უძებნია იგი. 4 და უთხრა დავითმა აქიშს: „თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე მცირე ქალაქში და ვიცხოვრებ იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მსახური შენს გვერდით, სამეფო ქალაქში?” 5 და მისცა აქიშმა ციკლაგი. ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს. 6 ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში. 7 და ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი. 8 და აოხრებდა დავითი მთელს იმ ქვეყანას, ცოცხალს არ ტოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარსა და ძროხას, სახედრებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს; და ბრუნდებოდა და მოდიოდა აქიშთან. 9 და ეტყოდა აქიში: „სად არბევდით დღეს?” მიუგებდა დავითი აქიშს: „იუდას სამხრით, იერახმეელელთა სამხრით და კენიელთა სამხრით.” 10 არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მიჰყავდა გათში და ამბობდა: „არ ილაპარაკონ ჩვენზე. ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.” 11 და მიენდო აქიში დავითს, ფიქრობდა: თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და სამუდამო მსახურად გამიხდებაო. 12 იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად და უთხრა აქიშმა დავითს: „იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალ ბანაკად – შენ და შენი ხალხი!”
თავი ოცდამეექვსე                                                                                                                  თავი ოცდამერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close