ძველი აღთქმა
1 მეფეთა
261 და ადგა საული და სამი ათასი რჩეული ისრაელის ძითურთ ზიფის უდაბნოსკენ დაეშვა, რათა მოეძებნა დავითი ზიფის უდაბნოში. 2 და დადგა საული ხაქილას გორაკზე, იეშიმონის გასწვრივ, გზის პირას, ხოლო დავითი უდაბნოში იყო და ხედავდა, როგორ მოდიოდა მის კვალზე საული უდაბნოში. 3 და გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად მოსული იყო საული. 4 და ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული. და დაინახა დავითმა ის ადგილი, სადაც ეძინათ საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს. საული კარავში იწვა, ხოლო ხალხი მის ირგვლივ იყო დაბანაკებული. 5 მიუბრუნდა დავითი ახიმელექ ხეთელს, და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, და უთხრა: „ვინ ჩამყვება საულთან მის ბანაკში?” უთხრა აბიშაიმ: „მე ჩაგყვები.” 6 და მივიდნენ ღამით დავითი და აბიშაი ხალხთან, და აჰა, ხედავენ: წევს და სძინავს საულს კარავში, და მისი შუბი სასთუმალთან არის ჩარჭობილი მიწაში. და აბნერი და ხალხი მის ირგვლივ წვანან. 7 და უთხრა აბიშაიმ დავითს: „ღმერთმა ჩაგაგდებინა ხელში შენი მტერი. ნება მომეცი, ახლა ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე აღარ დამჭირდება.” 8 და უთხრა დავითმა აბიშაის: „ნუ მოკლავ მას, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება.” 9 და თქვა დავითმა: „უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან ბრძოლაში წავა და დაიღუპება, 10 უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე აღვმართო ხელი. ახლა აიღე მისი სასთუმლიდან ეგ შუბი და მათარა, და წავიდეთ ჩვენთვის.” 11 და აიღო დავითმა შუბი და მათარა საულის სასთუმლიდან და წავიდნენ თავისთვის, არავის დაუნახავს, არავის გაუგია, არც არავის გაღვიძებია; ყველას ეძინა, რადგან უფლის ძილქუში დაეცა მათ. 12 და გადავიდა დავითი გაღმა და დადგა მთის წვერზე მოშორებით, დიდი მანძილი იყო მათ შორის. 13 და გაჰყვირა დავითმა ხალხს და აბნერს, ნერის ძეს: „ხმა გამეც, აბნერ!” ხმა გასცა აბნერმა და უთხრა: „ვინა ხარ, რომ ყვირი მეფის წინ?” 14 და უთხრა დავითმა აბნერს: „ხომ კაცი ხარ შენ? ვინ არის ისრაელში შენი ტოლი? მაშ, რატომ არ დაიფარავ შენს ბატონს, მეფეს? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის, მოსაკლავად. 15 ვერ არის კარგი საქმე, რასაც შენ აკეთებ. უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ. რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა მიიხედ-მოიხედე, სად არის მეფის შუბი და მათარა, მის სასთუმალთან რომ იყო?” 16 და იცნო საულმა დავითის ხმა და თქვა: „ეს შენი ხმა არის, დავით, შვილო?” და უთხრა დავითმა: „ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო!” 17 და თქვა: „რისთვის დევნის ჩემი ბატონი თავის მსახურს? რა გავაკეთე ისეთი? რა ცოდვა მაწევს? 18 ახლა ისმინოს მეფე ბატონმა მისი მსახურის სიტყვები: თუ უფალმა წაგაქეზა ჩემს წინააღმდეგ, სურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი, თუ ადამიანებმა – წყეულიმც არიან ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ წილი არ მქონოდა უფლის სამკვიდროში, და მითხრეს: ‘წადი, უცხო ღმერთებს ემსახურე’. 19 ნუ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლის წინაშე, რადგან ერთი ბეწო რწყილის საძებრად არის გამოსული ისრაელის მეფე, როგორც გნოლებს ედევნებიან ხოლმე მთებში.” 20 და თქვა საულმა: „შევცოდე, დაბრუნდი, შვილო დავით, მეტს აღარ გიბოროტებ, რადგან არ გაიმეტე დღეს ჩემი სიცოცხლე. მე კი უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცოდავდი.” 21 და მიუგო დავითმა და უთხრა: „აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე მსახურთაგანი და წაიღოს. 22 უფალმა მიუზღოს ყველას მისი სიმართლისა და ჭეშმარიტების სანაცვლო. დღეს მომცა შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე, უფლის ცხებულზე აღმემართა ხელი. 23 აჰა, როგორც დღეს არ გავიმეტე შენი სიცოცხლე, ასევე არ გაიმეტოს უფალმა ჩემი სიცოცხლე, და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირიდან.” 24 და უთხრა საულმა დავითს: „კურთხეული იყავი, შვილო დავით! კიდევაც აღასრულებ აღსასრულებელს, კიდევაც შესძლებ შესაძლებელს.” და წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის ადგილას. 25 და თქვა დავითმა თავის გულში: „ერთ დღეს მაინც დავიღუპები საულის ხელით. ამიტომ მიჯობს, თავი შევაფარო ფილისტიმელთა ქვეყანას, მომეშვება საული და აღარ დამიწყებს ძებნას მთელს ისრაელში, და მეც გადავურჩები მას.”