ძველი აღთქმა
1 მეფეთა
251 იყო კაცი ვინმე მაყონში და მამული ქარმელში ჰქონდა. და ძალზე მდიდარი იყო ეს კაცი: ჰყავდა სამი ათასი სული ცხვარი და ათასი თხა. ცხვრის პარსვისას ქარმელში იმყოფებოდა. 2 და სახელად ამ კაცს ერქვა ნაბალი, მის ცოლს – აბიგაილი. კეთილგონიერი და ლამაზი შესახედავი იყო ეს ქალი, ხოლო კაცი უკმეხი და ავისმქნელი. ქალების გვარიდან იყო იგი. 3 და შეიტყო დავითმა უდაბნოში რომ ცხვარს პარსავს ნაბალი. 4 და გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა მათ: „ადით ქარმელში, მიდით ნაბალთან და მოიკითხეთ ჩემი სახელით. 5 და უთხარით ასე: ‘იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს საბადებელს! 6 ახლახან გავიგე, რომ პარსავ. შენი მწყემსები იყვნენ ახლახან ჩვენთან. არ დაგვიჩაგრავს ისინი, არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას. 7 ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი ჰპოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მსახურთ და შენს შვილს, დავითს.’” 8 და წავიდნენ დავითის მსახურნი და მიუტანეს ნაბალს ეს სიტყვები და დაელოდნენ. 9 და მიუგო ნაბალმა დავითის მსახურთ და უთხრა: „ვინ არის დავითი, ვინ არის იესეს ძე? გამრავლდნენ დღეს მსახურნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან. 10 ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი, და მივცე კაცებს, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?” 11 უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურნი, მივიდნენ დავითთან და მიუტანეს ეს სიტყვები. 12 და უთხრა დავითმა თავის კაცებს: „ყველამ შეიბით მახვილები წელზე!” ყველამ შეიბა მახვილი, შეიბა დავითმაც თავისი მახვილი და გაჰყვა დავითს ოთხასამდე კაცი, ორასი კაცი ადგილზე დარჩა. 13 და მიუტანა ამბავი აბიგაილს, ნაბალის ცოლს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: „მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა, მაგრამ მან აბუჩად აიგდო ისინი. 14 ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგვრივართ, არაფერი დაგვიკარგავს ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით, 15 ზღუდედ იყვნენ ჩვენთვის დღისით და ღამით სამწყემსურში, როცა მათთან ახლოს ვმწყემსავდით ფარებს. 16 და ახლა აწონ-დაწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის ჩვენს ბატონსა და მთელს მის სახლს. თავად ხომ უგვანი კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება.” 17 და ისწრაფა აბიგაილმა, და აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი აცმა ლეღვის ჩირი და აჰკიდა სახედრებს. 18 და უთხრა თავის მსახურებს: „თქვენ წინ წადით, მეც ახლავე უკან გამოგყვებით.” არაფერი უთქვამს ნაბალისთვის, თავისი ქმრისთვის. 19 და როცა ვირზე მჯდარი ეშვებოდა ხეობაში, აჰა, დავითი და მისი კაცებიც გამოჩნდნენ და შეეგება მათ აბიგაილი. 20 ამბობდა დავითი: „ტყუილად ვიცავდი ამ კაცის სარჩო-საბადებელს უდაბნოში. არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა. 21 ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითს მტრებთან და უარესიც, თუ მისი საბადებლიდან დილამდე ერთი კედელთან მიმდგომი დავტოვე.” 22 როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხდა ვირიდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე და თაყვანისცა მდაბლად. 23 ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: „ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული. ლაპარაკის ნება მიეცი შენს მხევალს და ისმინე შენი მხევლის სიტყვები. 24 ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უგვან კაცს ნაბალს, რადგან როგორი სახელიცა აქვს, თავადაც ისეთია. ნაბალი ჰქვია მას და ბილწებით არის სავსე. მე, შენს მხევალს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი კაცები. 25 ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო, უფალმა დაგაკაოს სისხლისღვრისა და შურისგებისაგან, ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები. ავი რომ განუზრახავთ ჩემი ბატონისათვის. 26 აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუტანია ჩემი ბატონისთვის. მიეცეს ჭაბუკებს, ჩემი ბატონის ფეხს რომ დაჰყვებიან. 27 აპატიე დანაშაული შენს მხევალს. ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან უფლის ომებს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ იქნება შენში არასოდეს. 28 და თუნდაც აღდგეს კაცი და მოსაკლავად გდევვნოს, სიცოცხლის საკვრელით იქნება შეკრული უფალ ღმერთთან ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით მოისვრის. 29 და როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყველაფერ სიკეთეს, რა სიკეთესაც დაჰპირდა, და ისრაელის მეფედ დაგადგენს, 30 ნუ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს, რომ არ დაღვარა სისხლი ამაოდ, და შური არ იძია. როცა სიკეთეს უყოფს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გამიხსენე შენი მხევალი.” 31 და უთხრა დავითმა აბიგაილს: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს. 32 და კურთხეული იყოს შენი გონიერება და კურთხეული იყავი შენ, რომ არ გამიშვი სისხლის ღვრამდე და შურისგებამდე. 33 მაგრამ ცოცხალია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის, რადგან რომ არ აჩქარებულიყავ და არ შემხვედროდი, კედელთან მიმდგომიც არ გადაურჩებოდა ცოცხალი დილამდე ნაბალს.” 34 და მიიღო დავითმა აბიგაილის ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მისთვის აბიგაილს, და უთხრა: „მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, ვისმინე შენი ხმა და პატივი მივაგე შენს სახეს.” 35 და მივიდა აბიგაილი ნაბალთან და, აჰა, ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი, და გული უხაროდა ნაბალს და ძალიან მთვრალიც იყო. და არაფერი უთქვამს მისთვის დილამდე აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი. 36 მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო ცოლმა. და გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და გაქვავდა კაცი. 37 ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი. 38 და გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: „კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მსახური ბოროტის ქმნას; და ნაბალს მისივე ბოროტება თავზე დაატეხა უფალმა.” მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას. 39 და მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში და გამოუცხადეს: „დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად წაგიყვანოს.” 40 და ადგა აბიგაილი, მიწამდე თაყვანისცა და თქვა: „აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ფეხები დაბანოს ჩემი ბატონის მსახურებს.” 41 და ისწრაფა აბიგაილმა, ადგა და შეჯდა სახედარზე, თან ხუთი მხევალი წაიყოლა და მიჰყვა დავითის მოციქულებს. და გახდა მისი ცოლი. 42 და იზრეყელიდან ახინოყამი მოიყვანა დავითმა, და იყვნენ ეს ორნი მისი ცოლები. 43 ხოლო საულმა მიქალი, თავისი ქალიშვილი – დავითის ცოლი, ფალტის, ლაიშის ძეს, გალიმელ კაცს მიათხოვა. 44 მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: „იცი, რომ დავითი ხაქილას გორაკზე იმალება, იეშიმონის გასწვრივ?”