ძველი აღთქმა
1 მეფეთა
191 და ელაპარაკა საული იონათანს, თავის ძეს, და თავის მსახურთ, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი. 2 და შეატყობინა იონათანმა დავითს, უთხრა: „შენი მოკვლა სურს საულს, მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით და არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე. 3 მე გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები მინდორში, სადაც შენ იქნები. და შენზე დავუწყებ ლაპარაკს მამაჩემს. და შევხედავ საქმეს და შეგატყობინებ.” 4 გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან, და უთხრა: „ნუ დაიდებს მეფე თავისი მსახურის, დავითის, ცოდვას, რადგან არ შეუცოდავს შენს წინაშე. მეტად სასიკეთოა შენთვის მისი საქმეები. 5 არად ჩააგდო თავისი სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და მოუტანა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. და ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლით, და მოკლა დავითი ტყუილუბრალოდ?” 6 და გაუგონა საულმა იონათანს და დაიფიცა საულმა: „უფალს ვფიცავ, არ მოკვდება.” 7 და დაუძახა იონათანმა დავითს, და შეატყობინა ეს ყველაფერი. და მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, რათა წინანდებურად ყოფილიყო მის წინაშე. 8 კიდევ გაიმართა ომი. გამოვიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. და ილტვოდნენ მისგან ფილისტიმელები. 9 და იყო ბოროტი სული უფლისაგან საულზე, და ის შინ იჯდა შუბით ხელში, დავითი კი სიმებს უკრავდა. 10 უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს მოხვდა შუბი. დავითი კი გაიქცა და გადარჩა სიკვდილს იმ ღამით. 11 და მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილამდე. და შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, უთხრა: „თუ ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენ.” 12 და სარკმლიდან გადააპარა მიქალმა დავითი და წავიდა იგი, გაიქცა და ასე გადარჩა. 13 და აიღო მიქალმა თერაფიმი და საწოლზე დადო, სასთუმლად თხისური დაუგო და სამოსელი გადააფარა. 14 და გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, და თქვა: „ავად არის.” 15 და გაგზავნა საულმა გზირები დავითის წამოსაყვანად და დააბარა: „თავის საწოლიანად წამოიყვანეთ, რათა მოიკლას.” 16 და მივიდნენ გზირები და აჰა, თერაფიმია საწოლზე და თხისური უგია სასთუმლად. 17 და უთხრა საულმა მიქალს: „ასე რატომ გამაცურე და რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ გადარჩენილიყო?” და უთხრა მიქალმა საულს: „მითხრა: ‘გამიშვი, რისთვის უნდა შემომაკვდე?’” 18 გაიქცა დავითი და გადაირჩინა თავი. და მივიდა სამუელთან რამაში და ყველაფერი უამბო, რაც საულმა გაუკეთა მას. და მერე წავიდნენ ის და სამუელი და ნაიოთში დადგნენ. 19 და შეატყობინეს საულს: „აჰა, ნაიოთშია დავითი, რამას.” 20 და გაგზავნა გზირები დავითის შესაპყრობად, და იხილეს მათ წინასწარმეტყველთა გუნდი და სამუელი, მათი ზედამდგომელი, ღვთის სულით აივსნენ ისინი და გაწინასწარმეტყველდნენ. 21 და შეატყობინეს საულს და მანაც სხვა გზირები გაგზავნა, მაგრამ ისინიც გაწინასწარმეტყველდნენ, მესამედ გაგზავნა საულმა გზირები და ისინიც გაწინასწარმეტყველდნენ. 22 საული თავად გაემართა რამას და მივიდა ერთ დიდ ჭასთან, სექუს რომ არის, და იკითხა: „სად არიან სამუელი და დავითი?” მიუგეს: „ნაიოთში არიან, რამას.” 23 გაემართა ნაიოთისკენ, რამას; და მასზედაც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაწინასწარმეტყველდა გზაში, ვიდრე მივიდოდა ნაიოთში, რამას. 24 მანაც შემოიძარცვა სამოსელი და წინასწარმეტყველებდა სამუელის წინაშე. შიშველი ეგდო მიწაზე მთელი დღე და მთელი ღამე, ამიტომაც ამბობენ: „საულიც კი გაწინასწარმეტყველდა.”