1 მეფეთა 17:40-51

By
მარტი 10, 2015
40 და აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა. და შურდულით ხელში გავიდა ფილისტიმელთან. 41 და გამოვიდა ფილისტიმელიც და წავიდა დავითისაკენ. წინ ფარისმტვირთველი მიუძღოდა. 42 და დაინახა ფილისტიმელმა დავითი და სასაცილოდ აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი და წითური, ლამაზი შესახედავიც. 43 და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ძაღლი ხომ არა ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან.” და დაწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით. 44 და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს მივცე შენი გვამი.” 45 და უთხრა დავითმა ფილისტიმელს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. 46 დღეს ჩაგაგდებს უფალი ჩემს ხელში და დაგამარცხებ, და თავს მოგაცლი, ფილისტიმელთა ბანაკის გვამებს კი ცის ფრინველთ და მიწის მხეცებს მივცემ დღეს, და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. 47 და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი, და ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს.” 48 როცა აღიმართა ფილისტიმელი და მოახლოვდა დავითთან შესახვედრად, ისწრაფა დავითმა და გაიქცა მწყობრისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად. 49 და ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს. და შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი. 50 და სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით. დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. და მახვილი არ სჭერია დავითს ხელში. 51 და მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს. და აიღო მისი მახვილი, ქარქაშიდან იშიშვლა და მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close