1 და უთხრა უფალმა სამუელს: „როდემდის უნდა წუხდე საულზე? მე ხომ განვაყენე იგი ისრაელის მეფობისგან? აავსე რქა ზეთით და წადი; ბეთლემელ იესესთან გაგზავნი, რადგან მის ძეთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.“ 2 და თქვა სამუელმა: „როგორ წავიდე? საულმა რომ გაიგოს, მომკლავს.“ და უთხრა უფალმა: „თან წაიყვანე ერთი დეკეული ნახირიდან და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად მოვედი-თქო. 3 მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო, ზეთს სცხებ მას, ვისზეც გეტყვი.“ 4 უფლის სიტყვისამებრ მოიქცა სამუელი და მივიდა ბეთლემს. ძრწოლით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: „ხომ მშვიდობაა?“ 5 და უპასუხა მან: „მშვიდობაა! მსხვერპლი მინდა შევწირო უფალს, ამიტომ მოვედი. განიწმიდენით და მსხვერპლთან წამომყევით.“ განწმიდა სამუელმა იესე და მისი ძენი და მსხვერპლთან მიიწვია. 6 და როცა მივიდნენ, შეხედა მან ელიაბს და გაიფიქრა: „აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული!“ 7 და უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას, ნურც მის ახოვანებას, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან უფალი ადამიანი როდია, რომ თვალადობით განსჯიდეს, არამედ გულს უყურებს კაცისას.“ 8 და მოუხმო იესემ აბინადაბს და სამუელის წინ გაატარა. და თქვა მან: „არც ეს აურჩევია უფალს.“ 9 და ჩამოატარა იესემ შამა, და თქვა სამუელმა: „არც ეს არის უფლის რჩეული.“ 10 ასე ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ძე სამუელის წინაშე, მაგრამ უთხრა სამუელმა იესეს: „ამათგან არც ერთი არ აურჩევია უფალს.“ 11 და ჰკითხა სამუელმა იესეს: „სულ ეს არიან შენი ყმაწვილები?“ და თქვა მან: „კიდევ დარჩა ამათ გარდა უმცროსი, მაგრამ ის ცხვარსა მწყემსავს.“ და უთხრა სამუელმა იესეს: „გააგზავნე და მოაყვანინე, რადგან მის მოსვლამდე ინახით ვერ დავსხდებით.“ 12 გააგზავნა იესემ და მოაყვანინა ის. წითური იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და სანდომიანი სახე. და უთხრა უფალმა სამუელს: „ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.“ 13 და აიღო სამუელმა ზეთით სავსე რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და წავიდა რამას.