უფლის დღე – ბიბლიური ციტატები

ესაია 24:21-22
და იქნება იმ დღეს: დასჯის უფალი ზეცაში ციურ მხედრობას და მიწაზე მიწის მეფეებს. ტყვეებს ერთად შეკრებენ, და ორმოში ჩაყრიან, ჩაკეტავენ, და მრავალი დღის შემდეგ მოვა სასჯელი.

სოფონია 1:14-18
ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა სულ მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ თვით ყველაზე მაგარი ვაჟკაციც კი. რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ნისლის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე, ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ. ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს. მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით – მათი ხორცი. ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელ ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს.

ესაია 13:9-11
აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, გულისწყრომითა და რისხვით, რათა იავარჰყოს ქვეყანა, მოსპოს მისი ცოდვილნი. ცის ვარსკვლავები და თანავარსკვლავედნი აღარ გამოსცემენ ნათელს, ჩაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე არ მოაფენს ნათელს. მე დავსჯი ქვეყნიერებას ცოდვებისათვის, უკეთურთ – მათი დანაშაულებისათვის, ბოლოს მოვუღებ ბოროტისმზრახველთა ზვიადობას და მტარვალთა ამპარტავნებას დავცემ.

იერემია 46:10
რადგან ეს დღე არის ცაბაოთ უფლის, ჩვენი ღმერთის, შურისგების დღე, რათა შური იძიოს თავის მტრებზე; და მახვილი შეჭამს და გაძღება მათი სისხლით; რადგან ეს იქნება უფლის მსხვერპლშეწირვა ჩრდილოეთის ქვეყანაში, ევფრატის პირას.

იობი 20:28-29
მათი სახლის დოვლათი გადაივლის და წაილეკება მისი რისხვის დღეს. ეს არის წილი ურჯულო კაცისა, ხვედრი, ღმერთის მიერ ნაბრძანები.“

ესაია 13:4-6
დიდი გუგუნია მთებში – მსგავსად მრვალრიცხოვანი ხალხისა, ერთად შეკრებილთა, ხალხთა და სამეფოთა, ცაბაოთ უფალი ათვალიერებს საბრძოლო ლაშქარს. მოდიან შორეული ქვეყნიდან, ცის კიდიდან უფალი და მისი რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად. ღაღადებდით, რადგან მოახლოებულია უფლის დღე, ყოვლადძლიერის ნებით გამოგზავნილი ეს დღე, განადგურებას მოიტანს.

ესაია 19:16-17
იმ დღეს ეგვიპტელები ქალებს დაემსგავსებიან, დაფრთხებიან და შეეშინდებათ ცაბაოთ უფლის მოღერებული ხელისა.  და იქნება იუდას მიწა შიშის ზარი ეგვიპტისათვის; ყოველი, ვინც მას გაიხსენებს, აკანკალდება ცაბაოთ უფლის განაჩენით, რაც მან განაჩინა მასზე.

ეზეკიელი 30:3-4
რადგან ახლოს არის ის დღე, და ახლოს არის დღე უფლისა, დღე ღრუბლიანი. დგება ხალხების ჟამი! და მოვა მახვილი ეგვიპტეზე და იქნება ძრწოლა ქუშში, როცა მახვილით დაეცემიან ეგვიპტეში, როცა წაიღებენ მის სიმდიდრეს და დაანგრევენ მის ფუძეებს.

ესაია 27:1
იმ დღეს დასჯის უფალი თავისი სასტიკი, დიდი და მაგარი მახვილით ლევიათანს, მოსრიალე გველს, ლევიათანს, დაკლაკნილ გველს, და მოკლავს ზღვის ურჩხულს.

იოველი 3:12-14
გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა. გაამზადეთ ნამგლები, რადგან დაპურდა ყანა. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება. ურდოები აწყდებიან სასჯელის ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე სასჯელის ველზე.

სოფონია 3:8
ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა.

რომაელთა 2:16
იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ.

გამოცხადება 6:15-17
და დედამიწის მეფენი და მთავარნი და ათასისთავნი და მდიდარნი და ძლიერნი და ყოველი მონა და თავისუფალი შეეფარნენ მთის გამოქვაბულებს და კლდეებს. და უთხრეს მთებსა და კლდეებს: „დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომის სახისაგან და კრავის რისხვისაგან, რადგან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“

ამოსი 5:18-20
ვაი, უფლის დღის მონატრულთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელია ის და არა ნათელი, ისევეა, როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს რომ დათვი დახვდეს, ან შინ მისული რომ კედელს მიეყრდნოს და გველმა დაგესლოს. განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია ის და ნათების ციალი არ არის მასში.

ესაია 2:12
რადგან ცაბაოთ უფლის დღე დაუდგება ყოველ ქედმაღალსა და ამპარტავანს და ყოველ აღზევებულს, და დამცირდება ის;

იოველი 1:15
ვაი, ჩვენს დღეს! რადგან ახლოსაა უფლის დღე და მოდის უზენაესისაგან როგორც ტანჯვა ტანჯვათაგან.

იოველი 2:1-2
ჩაჰბერეთ საყვირს სიონზე, განგაში ატეხეთ ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, რადგან ახლოსაა ის – დღე სიბნელისა და წყვდიადისა, დღე ღრუბლისა და ნისლისა! ალიონივით ეფინება მთებს მრავალი და ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მოდგმიდან მოდგმამდე.

მათეს 7:22-23
ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს? და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო!’

იოანეს 12:48
ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმსჯელი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განსჯის მას უკანასკნელ დღეს.

რომაელთა 2:5
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღმერთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს,

იერემია 30:7-8
ვაი, რა დიდია ის დღე, არ ყოფილა მისი მსგავსი. უბედურების ჟამია ის იაკობისთვის, მაგრამ ის გადარჩება. და იქნება იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი – რომ დავლეწავ მის უღელს შენ რომ გადგას ქედზე, და დავწყვეტ შენს აპეურებს; და აღარ მოემსახურებიან უცხოთესლთ.

იოველი 2:23-28
ძენო სიონისა, იხარეთ და იმხიარულეთ თქვენი უფალი ღმერთის გამო, რადგან მოგცემთ ჟუჟუნა წვიმას, და ძველებურად გამოგიგზავნით ადრეულსა და გვიანა წვიმებს. და გაივსება ბეღლები ხორბლით, გალიცლიცდება კოდები ღვინითა და ზეთით. და აგინაზღაურებთ მე იმ წლებს, რომლებიც მოჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ – ჩემმა დიდმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ. ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ თქვენი უფალი ღმერთის სახელი, რომელიც საკვირვლად გექცევათ; და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. მიხვდებით, რომ მე ისრაელის შუაგულში ვარ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და სხვა არავინ არის, და რომ არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. და იქნება, რომ ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი უხუცესნი ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ.

ესაია 11:11
და იქნება იმ დღეს: უფალი მეორედ გაიწვდენს ხელს და დაიბრუნებს თავისი ხალხის ნატამალს, დაიბრუნებს გადარჩენილთ აშურიდან, ეგვიპტიდან, ფათროსიდან და ქუშიდან, ყელამიდან და შინყარიდან, ხამათიდან და ზღვისპირეთის მიწიდან.

ესაია 27:12-13
და იქნება იმ დღეს, რომ გალეწავს უფალი მთელ ძნას, დიდი მდინარიდან ეგვიპტის ნაღვარევამდე, და თქვენ, ისრაელიანებო, სათითაოდ აიკრიფებით. და იქნება იმ დღეს, რომ ბუკს დასცემენ და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანაში გაძევებულნი, და თაყვანს სცემენ უფალს იერუსალიმის წმიდა მთაზე.

მიქა 4:6-7
იმ დღეს, – ამბობს უფალი, – შევკრებ ხეიბართ და თავს მოვუყრი განდევნილთ, და მათ, რომელთაც მე დავატეხე უბედურება. ნატამალად დავტოვებ ხეიბართ და ძლიერ ხალხად გავხდი მოკვეთილებს. უფალი იქნება მათი მეფე სიონის მთაზე უკუნისამდე.

მათეს 24:30-31
და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე, და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, მრავალი ძალითა და დიდებით. და მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორემდე.

ზაქარია 9:16-17
და იხსნის იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, თავის ხალხს როგორც ცხვრის ფარას; რადგან, როგორც გვირგვინის თვლები ისე გაბრწყინდებიან ისინი მის მიწაზე. ო, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რა საოცარია მისი მშვენება! ჭაბუკებს პური აძლიერებს, ქალწულებს – მაჭარი.

Close
Close