1 კორინთელთა 10:23-24
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი არის აღმშენებელი. ნურავინ ეძებს თავის სარგებელს, არამედ ეძიოს სხვისი.
რომაელთა 14:14
მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ თავისთავად არაფერია უწმიდური. მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც უწმიდურად ჩათვლის რაიმეს.
1 კორინთელთა 8:9-13
მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის. ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას ნაკერპავთა ჭამისთვის? და დაიღუპება შენი ცოდნის მეოხებით შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე. ამრიგად, შესცოდავთ რა ძმების მიმართ და დაჭრით მათ უძლურ სინდისს, ქრისტეს მიმართ შესცოდავთ. ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, საუკუნოდ არ ვჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.
რომაელთა 14:15-19
თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე. ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი – ადამიანთათვის. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.
რომაელთა 15:1-3
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის. ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც სწერია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე.”
1 კორინთელთა 10:27-29
ხოლო თუ მიგიწვევთ რომელიმე ურწმუნოთაგანი და მოისურვებთ მასთან წასვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც თქვენს წინ დააწყობენ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო. ხოლო თუ ვინმე გეტყვით: ეს ნაკერპავიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის გამო და სინდისის გამო, რადგან უფლისაა მიწა და მისი სისავსე. სინდისს ვამბობ არა შენსას, არამედ სხვისას. ვინაიდან რატომ იქნას განკითხული ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?