ესაია 61:10
ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით.
მათეს 25:1-12
მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ.
მსაჯული 14:10-11
მივიდა მამამისი ქალთან და სამსონმა იქვე გადაიხადა ლხინი, როგორც სასიძოები იქცევიან ხოლმე. როცა იგი ნახეს, ოცდაათი მაყარი ამოურჩიეს, და ისინიც იყვნენ მასთან.
იოანეს 3:29
ვისაც საცოლე ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა.
იოანეს 2:7-10
უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს.
იოველი 2:16
შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი – სანთიობოდან!
ფსალმუნები 18:4-5
მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მზეს დაუდგა კარავი მათში. და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; იხარებს ვითარცა გმირი გარბენას გზისას.
იერემია 7:34
გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა.
ესაია 62:5
როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს, ასე დაგეპატრონებიან შენი შვილები; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი.
იერემია 33:11
ხმა სიხარულისა და ხმა შვებისა, ხმა სიძისა და ხმა პატარძლისა, ხმა, რომელიც იტყვის: მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია უფალი და მადლი მისი სამარადისო! და მიიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ ქვეყნიდან წარტყვენილებს, როგორც თავიდანვე იყვნენ, ამბობს უფალი.
მეორე რჯული 24:5
თუ კაცს ახლად შერთული ცოლი ჰყავს, ნუ გავა ლაშქარში და ნუ დაევალება მას ნურაფერი. ერთი წელი თავისუფალი იყოს თავის სახლში და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც შეირთო.
მათეს 9:14-15
მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ? ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.
ეფესელთა 5:22-23
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი. მაგრამ, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით სიტყვის მეშვეობით. რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო. ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას. იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე. ასევე ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ცოლსაც ეშინოდეს ქმრისა.