იობი 12:12
სიბრძნე მოხუცებშია და გონება – დღეგრძელებში.
ფსალმუნები 36:30
მართალთა ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
იგავნი 1:7
უფლის შიში ცოდნის სათავეა, სიბრძნე და დარიგება კი ბრიყვებს ეზიზღებათ.
იგავნი 3:7
ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში, გეშინოდეს უფლის და უკუიქეც ბოროტებისაგან.
იაკობის 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა.
ეფესელთა 5:15-17
მაშ, ფრთხლად მოიქეცით – არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია. მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის ღვთის ნება.
იაკობის 3:17
ხოლო მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
იგავნი 4:7
სიბრძნის სათავეა სიბრძნის შეძენა, მთელი შენი შენაძენით გაგება შეიძინე.
იგავნი 13:1
ბრძენი შვილი ისმენს მამის დარიგებას, თავქარიანი კი არ ისმენს საყვედურს.
ეკლესიასტე 2:26
რადგან ადამიანს, რომელიც კეთილია მის წინაშე, მისცა მან სიბრძნე, ცოდნა და სიხარული. და მისცა მას საზრუნავი – შეკრიბოს და მოაგროვოს, რომ მისცეს კეთილს უფლის წინაშე. ესეც ამაოება და ქარის დევნაა.
1 კორინთელთა 1:25
რადგან უგნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძენესია და უძლურება ღვთისა – ადამიანებზე უძლიერესი.
კოლოსელთა 2:2-3
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონების ყოველგვარი სიმდიდრისათვის, ღვთისა და ქრისტეს საიდუმლოს შეცნობისათვის, რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი.
1 კორინთელთა 1:30
იმისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღვთისმიერ, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
იგავნი 29:11
მთელ თავის რისხვას ღვრის ბრიყვი, ხოლო ბრძენი იკავებს მას.
იგავნი 14:1
ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი ანგრევს მას საკუთარი ხელით.
იგავნი 15:12
ბრიყვს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენებთან არ წავა იგი.
იგავნი 3:13-15
ნეტარია ადამიანი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი – ჭკუის მომხვეჭელი! რადგან მისი საზღაური ვერცხლის საზღაურს სჯობს და მისი მოსავალი – წმიდა ოქროს. ის მარგალიტებზე ძვირფასია, და არანაირი შენი საწადელი არ შეედრება მას.
იერემია 9:23-24
ასე თქვა უფალმა: „თავს ნუ შეიქებს ბრძენი თავისი სიბრძნით და თავს ნუ შეიქებს ძლიერი თავისი ძალით, და თავს ნუ შეიქებს მდიდარი თავისი სიმდიდრით. არამედ მაქებელმა იმითი შეიქოს თავი, რომ მიხვდა და მიცნობს მე, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი!” – სიტყვა უფლისა.-
იგავნი 10:23
უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა – სიბრძნეში.
ეკლესიასტე 8:1
ვინაა მსგავსი ბრძენისა და ვინ შეიცნობს საგანთა არსს? ადამიანის სიბრძნე ანათებს მის სახეს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს.
კოლოსელთა 3:16
უფლის სიტყვა უხვად დამკვიდრდეს თქვენში სრული სიბრძნით. ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, სადიდებლით და სასულიერო საგალობლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.
იგავნი 12:15
სულელის გზა სწორია მის თვალში, ბრძენი კი რჩევას უსმენს.
იგავნი 19:20
ისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა დაბრძენდე საბოლოოდ.
იგავნი 18:15
გონიერის გული იძენს ცოდნას და ბრძენთა ყური ეძებს ცოდნას.
ლუკას 21:15
ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
კოლოსელთა 2:8
გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ სიბრძნისმოყვარებითა და ფუჭი ცდუნებით, კაცთამიერი გადმოცემისა და ამ სოფლის წესისამებრ და არა ქრისტესამებრ.
დანიელი 1:17
მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და გონიერება ყველა წიგნსა და სიბრძნეში. დანიელს კი ამას გარდა გაეგებოდა ყველა ხილვა და სიზმარი.
იგავნი 24:3-7
სიბრძნით აშენდება სახლი და გონებით განმტკიცდება, და ცოდნით ოთახები გაივსება, ყოველი ძვირფასი და საამური ქონებით. ბრძენი მამაკაცი ძლიერია და მცოდნე კაცი იმტკიცებს ძალას. რადგან გონივრულად წარმართავ შენს ომს და მრავალ მრჩეველშია ხსნა. სულელისათვის სიბრძნე ძნელად მისაწვდომია, კარიბჭესთან არ გახსნის თავის ბაგეს.
1 კორინთელთა 3:18-20
ნურავინ იცდუნებთ თავს. თუ ვინმეს ამ სოფელში თავისი თავი ბრძნად წარმოუდგენია, გაუგუნურდეს, რათა ბრძენი გახდეს. ვინაიდან ამ სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: „მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენებს.” და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.”
ესაია 29:14-16
ამიტომ, აჰა, კვლავ გავაოცებ ამ ხალხს გასაოცარი საოცრებებით; და დაიკარგება მის ბრძენთა სიბრძნე, და მის გონიერთა გონება დაიმალება.” ვაი მათ, რომელნიც უფლისაგან ღრმად მალავენ განზრახვას, და ბნელშია მათი საქმენი და ამბობენ: „ვინ გვხედავს ჩვენ?” და: „ვინ გვიცნობს ჩვენ?” ოი, თქვენი უკუღმართობა! განა მექოთნე და თიხა ერთია? რომ ნაკეთობამ თქვას თავის გამკეთებელზე, „არ გავუკეთებივარო?” და ქმნილებამ თქვას თავის შემქმნელზე: „არაფერი გაეგებაო?”
1 კორინთელთა 1:17-26
რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ სანათლავად, არამედ სახარებლად – არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი. ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. რადგან სწერია: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ.” სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა? ვინაიდან, რაკი ღვთაებრივ სიბრძნეში ვერ იცნო ღმერთი სოფელმა თავისი სიბრძნით, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა ხსნა ქადაგების უგუნურებით. რადგან იუდეველნი მოითხოვენ სასწაულებს და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ, ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას, ხოლო მოწოდებულთათვის – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ვქადაგებთ ქრისტეს – ღვთის ძალას და ღვთის სიბრძნეს. რადგან უგნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძენესია და უძლურება ღვთისა – ადამიანებზე უძლიერესი. ნახეთ, ძმანო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული.
რომაელთა 11:33
ო, ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
იგავნი 14:16
ბრძენი ფრთხილობს და გაურბის ბოროტს, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია.
იგავნი 13:14-16
ბრძენის მოძღვრება სიცოცხლის წყაროა, რათა გაერიდოს სიკვდილის მახეს. კეთილი მოხედვა წყალობას გასცემს, მოღალატეთა გზა კი მძიმეა. ყოველი გონიერი ცოდნით მოქმედებს, რეგვენი კი სისულელეს გამოაფენს.
კოლოსელთა 1:9
ამისათვის ჩვენც იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით,