საქმეები 17:16-34

By
სექტემბერი 3, 2014
16 იდრე პავლე მათ ათენში ელოდა, მისი სული აღაშფოთა კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ. 17 ესაუბრებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს და იმათ, ვინც ყოველდღე მოედანზე იმყოფებოდნენ. 18 ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა მას. ერთნი
ამბობდნენ: „რისი თქმა სურს ამ მოლაყბეს?“ სხვანი: „ეტყობა, უცხო ღმერთებზე
ქადაგებს“ – რაკი იესოს და აღდგომას ახარებდა მათ. 19 ხელი მოჰკიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: „შეგვიძლია გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20 რადგან რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?“ 21 ყველა ათენელს და იქ ჩამოსულ უცხოელს დროის გატარება ყველაზე მეტად ერჩივნათ რაიმე ახლის შესახებ საუბარში ან მოსმენაში. 22 დადგა პავლე არეოპაგის შუაში და თქვა: „ათენელნო კაცნო, გატყობთ, რომ ძალზე ღვთისმოშიშნი ხართ ყოველმხრივ, 23 რადგან, როდესაც გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები,
ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: ‘უცნობ ღმერთს.’ მეც მას გიქადაგებთ,
რომელსაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. 24 ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, ვინც არის უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, 25 არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, ის თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26 ერთიდან შექმნა ადამიანთა მთელი მოდგმა, რათა მთელი დედამიწის ზურგზე
დამკვიდრებულიყო. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და
საზღვრები, 27 რათა ეძიონ ღმერთი, ვინძლო შეიგრძნონ იგი და იპოვონ, და შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან. 28 რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა: რადგან ჩვენ მისი მოდგმა ვართ. 29 და რაკი ღმერთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს
ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ანდა ხატს, ადამიანის ხელოვნებით და
წარმოსახვით შექმნილს. 30 მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების ხანა და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ. 31 რადგან მან დაადგინა დღე, როდესაც სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას
წინასწარ განწესებული კაცის მეშვეობით. და ყველას მისცა მოწმობა, როდესაც
იგი მკვდრეთით აღადგინა.“ 32 მკვდართა აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ: „ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთ.“ 33 ასე გამოვიდა პავლე მათგან. 34 ზოგიერთნი მიემხრნენ მას და ირწმუნეს – მათ შორის დიონისე არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და მათთან ერთად სხვებმაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close