1 ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: „თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებით.“ 2 და როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან. 3 ამგვარად, ისინი, ეკლესიისგან წარგზავნილები, ფინიკიისა და სამარიის გავლით წავიდნენ და უამბობდნენ იქ წარმართთა მოქცევაზე და ამით ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ. 4 იერუსალიმში რომ მივიდნენ, მიღებულ იქნენ ეკლესიის, მოციქულებისა და უხუცესების მიერ. და აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან. 5 წამოდგნენ ზოგიერთი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა წინადაიცვითონ და ებრძანოთ, დაიცვან მოსეს რჯული. 6 შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად. 7 ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ადგა პეტრე და უთხრა მათ: „ძმებო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. 8 გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ. 9 განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როდესაც რწმენით განწმიდა მათი გულები. 10 ახლა რატომ სცდით ღმერთს და ქედზე ადგამთ მოწაფეებს უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ? 11 მაგრამ გვჯერა, რომ უფალი იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი.“ 12 ყველანი დუმილით უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც მოუთხრობდნენ, თუ რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათ მიერ წარმართებს შორის. 13 მათი დადუმების შემდეგ დაიწყო იაკობმა და თქვა: „ძმებო, მომისმინეთ: 14 სიმონმა მოგვითხრო, როგორ მოხედა ღმერთმა თავიდანვე წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის. 15 ამასვე ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია: 16 ‘ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ სახლს; დანგრეულს აღვადგენ და კვლავ აღვმართავ, 17 რათა ეძიონ დანარჩენმა ადამიანებმაც უფალი და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმაც, – ასე ამბობს უფალი, მოქმედი ყოველივესი, 18 რაც ძველთაგანვეა ცნობილი.’ 19 ამიტომ მე ვფიქრობ, არ დავამძიმოთ ისინი, ვინც წარმართთაგან ღვმერთისკენ არიან მოქცეულნი,