რუთი 1:3-5
მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ძით. შეირთეს მათ მოაბელი ცოლები – ერთს ყორფა ერქვა, მეორეს – რუთი და თითქმის ათი წელი ცხოვრობდნენ იქ. მაგრამ დაიხოცნენ მახლონი და ქილიონი და დარჩა ნაყომი თავის ქმრისა და შვილების გარეშე.
რუთი 1:6-13
და როცა შეიტყო მოაბის ქვეყანაში, რომ მოხედა თავის ხალხს უფალმა და მისცა სანოვაგე, სახლში დასაბრუნებლად მოემზადა ნაყომი თავის რძლებთან ერთად. დატოვა თავის რძლებთან ერთად ის ადგილი, სადაც ცხოვრობდა და გაუდგა გზას იუდას მიწისკენ. უთხრა ნაყომიმ თავის რძლებს: „წადით, თითოეული თქვენი დედის სახლში დაბრუნდით! კეთილად მოგექცეთ უფალი, როგორც თქვენ გვექცეოდით გარდაცვლილებსა და მე! უფალმა გაპოვნინოთ სიმშვიდე, თითოეულს თავისი ქმრის სახლში!” და ეამბორა რძლებს. მათ კი ხმა აიმაღლეს და ტიროდნენ. უთხრეს ნაყომის: „შენთან ერთად დავბრუნდებით შენს ხალხთან!” მაგრამ უპასუხა ნაყომიმ: „გაბრუნდით, ჩემო ასულნო, რად მომყვებით? განა კიდევ მეყოლება ვაჟები, რომ თქვენზე იქორწინონ? გაბრუნდით, ჩემო ასულნო, წადით! დავბერდი, იმისთვის რომ ქმარი მყავდეს. კიდეც რომ ვიფიქრო, იმედიც რომ მქონდეს, ამაღამაც რომ შევიდე ქმართან და ვშვა ძენი, ნუთუ დაელოდებით მათ დაზრდას? განა მათი გულისთვის დარჩებით გაუთხოვარნი? არა, ჩემო ასულნო, ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო მწარეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მომწვდა უფლის ხელი!”
რუთი 1:16-18
უპასუხა რუთმა: „ნუ მთხოვ, რომ წავიდე და დაგტოვო; სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ; სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთი. სადაც მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე მიყოს უფალმა და უფრო მეტიც, თუ სიკვდილის გარდა, სხვა რამემ დაგვაშოროს ერთმანეთს!” დაინახა ნაყომიმ, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მასთან ერთად წასვლა რუთმა და აღარაფერი უთხრა.
რუთი 2:11
უთხრა ბოყაზმა: „გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ: როგორ დატოვე მამაშენი, დედაშენი, შენი სამშობლო ქვეყანა და მოხვედი ხალხთან, რომელსაც არ იცნობდი აქამდე.
რუთი 2:8-9
მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს: „მომისმინე, ჩემო ასულო, სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად, ნურსად გადახვალ აქედან, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი. აი, ყანა, რომელსაც მკიან; იარე მომკელთა კვალზე. ბიჭებს ვუბრძანე, რომ არ დაგიშალონ. თუ მოგწყურდა, მიდი ჭურჭლებთან, საიდანაც ბიჭები იღებენ წყალს და დალიე”.
რუთი 2:14-23
უთხრა ბოყაზმა ჭამის დროს: „მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ამოაწე ღვინოში”. დაჯდა რუთი მომკელთა გვერდით და მიაწოდა ბოყაზმა მოხალული მარცვალი. ჭამა, დანაყრდა და კიდეც დარჩა შეუჭმელი. როცა ადგა რუთი ასაკრეფად, უბრძანა ბოყაზმა ბიჭებს და უთხრა: „ძნებს შორისაც აკრიფოს, არ დააყვედროთ. კონებიდანაც მოუტოვეთ, აკრიფოს, ნუ დააყვედრებთ”. საღამომდე კრეფდა რუთი ყანაში, გალეწა ანაკრეფი და ერთ ეფამდე გამოუვიდა ქერის მარცვალი. აიღო და წავიდა ქალაქში; და ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. ამოიღო რუთმა, რაც დანაყრების შემდეგ დარჩა და მისცა დედამთილს. უთხრა დედამთილმა: „სად აკრიფე დღეს, სად იმუშავე? კურთხეულ იყოს ის მადლიანი!” უამბო დედამთილს, ვისთანაც შრომობდა და უთხრა: „ბოყაზი ჰქვია იმ კაცს, ვისთანაც ვშრომობდი”. უთხრა ნაყომიმ თავის რძალს: „უფალმა აკურთხოს იგი, რადგან მკვდრებიც შეიწყალა და ცოცხლებიც”. უთხრა ნაყომიმ: „ის კაცი ჩვენი ახლობელია, ჩვენი ახლო ნათესავთაგანი”. თქვა მოაბელმა რუთმა: „ისიც მითხრა, მომკელებთან დარჩი, სანამ ჩემს სამკალს არ მორჩებიანო”. უთხრა ნაყომიმ რუთს, თავის რძალს: „კარგია, ჩემო ასულო, რომ ყანაში მის მსახურ ქალებთან ერთად გახვალ და არავის გადააწყდები სხვის ყანაში!” და მიეწება რუთი ბოყაზის მსახურ ქალებს, კრეფდა თავთავს, სანამ ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა. ცხოვრობდა იგი თავის დედამთილთან ერთად.
რუთი 3:9
ჰკითხა ბოყაზმა: „ვინა ხარ?” უპასუხა: „მე ვარ, რუთი, შენი მხევალი! გადმოაფარე შენს მხევალს სამოსლის კალთა, რადგან ნათესავი ხარ”.
რუთი 4:1-8
ავიდა ბოყაზი ქალაქის კარიბჭესთან და იქ ჩამოჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ახლო ნათესავმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი; და უთხრა მას: „მოდი – სახელით მოუხმო – აქ ჩამოჯექი,” ისიც მივიდა და ჩამოჯდა. მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: „დასხედით აქ”. ისინიც დასხდნენ. უთხრა ნათესავს: „მოაბის ველიდან დაბრუნებული ნაყომი, მინდვრის ნაკვეთს ჰყიდის, რომელიც ჩვენს ძმას – ელიმელექს ეკუთვნოდა. ვიფიქრე, შემეტყობინებინა შენთვის ეს ამბავი და მეთქვა: იყიდე ეს ნაკვეთი აქ მსხდომთა და ჩემი ხალხის უხუცესთა წინაშე. თუ გამოისყიდი, გამოისყიდე და თუ არ გამოისყიდი, მითხარი, რადგან არავის არა აქვს უფლება ის ნაკვეთი შენზე წინ გამოისყიდოს, შენ შემდეგ კი მე ვარ”. უთხრა მას ნათესავმა: „თანახმა ვარ, გამოვისყიდი”. თქვა ბოყაზმა: „როცა ნაყომის ხელიდან მინდორს იყიდი, გარდაცვლილი კაცის ცოლი, მოაბელი რუთიც უნდა გამოისყიდო, რომ სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში”. თქვა იმ ნათესავმა: „ვერ გამოვისყიდი, ვაითუ დავაქციო ჩემი სამკვიდრო, შენს თავზე აიღე გამოსყიდვის უფლება, მე ვერ გამოვისყიდი”. იმ დღეებში ასეთი წესი იყო ისრაელში: ყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს, ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში. 8 უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: „შენ იყიდე”. და გაიძრო ფეხსამოსი.
რუთი 4:9-10
უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: „მოწმენი ხართ დღეს, რომ მე ვყიდულობ ნაყომის ხელიდან ელიმელექის, ქილიონისა და მახლონის მთელ საბადებელს. ხოლო მოაბელ რუთს, მახლონის ცოლს, ცოლად გამოვისყიდი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი თავის მოძმეთა შორის და მისი სამკვიდრებლის კარიბჭესთან. ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!
რუთი 4:11-13
უთხრეს ქალაქის კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: „მოწმენი ვართ! უფლის მიერ იყოს შენს სახლში შემომავალი ქალი, როგორც რახელი და როგორც ლეა, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი; შეგძინოს სიმდიდრე ეფრათში და სახელი გაგითქვას ბეთლემში! იყოს შენი სახლი, ფერეცის სახლივით, რომელიც თამარმა უშვა იუდას, იმ თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილქალისგან”. წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი; შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ძე.
რუთი 4:17
სახელი მეზობელმა ქალებმა დაარქვეს, თქვეს: „ძე შეეძინა ნაყომის”. და დაარქვეს სახელად ყობედი. ის იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
მათეს 1:5-6
სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე. იესემ შვა მეფე დავითი; მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.