როცა განადგურებულად გრძნობ თავს ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 21:1-9
ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? რატომ ხარ შორს, როცა საშველად შემოგღაღადებ? ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით – არ მპასუხობ, ღამით – და არა მაქვს მოსვენება. შენ კი წმიდაო, ისრაელის ხოტბათა შორის მკვიდრობ. შენ გენდობოდნენ ჩვენი მამები, გენდობოდნენ და იხსენი კიდეც. შენ შემოგღაღადეს და გადარჩნენ; მოგენდნენ და არ გაწბილებულან. მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერის მიერ. ყველა, ვინც მხედავს, დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ. უფალს მიენდო და უფალმა იხსნას; მან გადაარჩინოს, რაკი ისურვა იგი. რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან და დამამშვიდე მის მკერდზე.

ფსალმუნები 54:1-9
ისმინე ღმერთო ჩემი ლოცვა და ნუ დაემალები ჩემს ვედრებას ყური მომაპყარ და მიპასუხე; მოსვენებას არ მაძლევს ჩემი საფიქრალი, წუხილში ვარ მტრის ხმისგან, ბოროტთა შევიწროებისგან; რადგან სიმრუდეს მაბრალებენ და სიძულვილით მირისხდებიან. თრთის ჩემ შიგნით ჩემი გული და სიკვდილის ძრწოლა დამატყდა თავს. შიში და თრთოლა დამეუფლა და შიშის ზარი მიპყრობს. ვთქვი, რომ მქონდეს-მეთქი მტრედის ფრთები, გავფრინდებოდი და მოვისვენებდი! აჰა, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. ვისწრაფებდი, რომ მეპოვა თავშესაფარი ძლიერი ქარისგან და ქარიშხლისგან. გაანადგურე ისინი უფალო და გაყავი მათი ენები; რადგან ძალადობას და შუღლს ვხედავ ქალაქში.

ფსალმუნები 60:1-3
ისმინე უფალო ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას. ქვეყნის კიდიდან შემოგღაღადებ გულგათანგული, ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე ამიყვანე. რადგან შენ ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი – მტრისგან დამცველი.

ფსალმუნები 76:1-4
ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს, ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს და ის მომისმენს. უფალს ვეძებ ჩემი გაჭირვების დღეს, გაწვდილია ჩემი ხელი ღამ-ღამობით და არ ისვენებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული. ვიხსენებ ღმერთს და ვკვნესი, ვფიქრობ მასზე და უძლურდება ჩემი სული. თვალიც არ მომახუჭინე, შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.

ფსალმუნები 101:1-10
უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადი მოვიდეს შენთან. ნუ დამიფარავ შენს სახეს ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური, ოდეს მოგიხმობ და მალე მიპასუხე. რადგან კვამლივით გაქრნენ ჩემი დღეები და ძვლები ჩემი გახურდა, როგორც კოცონზე. ბალახივით დაჭკნა და გახმა ჩემი გული, ისე რომ ჭამაც დამავიწყდა. ჩემი კვნესის ხმისგან ხორცს მიჰკვრია ჩემი ძვლები. უდაბნოს ვარხვს დავემსგავსე და გავხდი ვითარცა ბუ ნანგრევებში. ძილი გამიტყდა და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე. ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, აბუჩად მიგდებენ და სწყევლიან ჩემს სახელს. რადგან პურივით ვჭამე ნაცარი და ცრემლით შევაზავე ჩემი სასმელი; შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რადგან ამიყვანე და დამანარცხე.

ფსალმუნები 141:1-8
ჩემი ხმით შევღაღადებ უფალს, ჩემი ხმით შევევედრები მას. გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირზე მოვუყვები. როცა სული შემიწუხდა, შენ იცოდი ჩემი სავალი ბილიკი; ჩემს სავალ გზაზე მახე დამიგეს. მარჯვნივ გაიხედე და დაინახე, რომ ვერავინ მამჩნევს; აღარსადა მაქვს გასაქცევი, არავინ ზრუნავს ჩემზე. ამიტომ მოგიხმობ უფალო და ვამბობ: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში. ყური დაუგდე ჩემს ღაღადს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემს მდევნელთაგან, ვინაიდან მეტისმეტად ძლიერნი არიან ჩემზე. საპყრობილედან გამომიყვანე, რათა ხოტბა შევასხა შენს სახელს! გარს შემომეხვევიან მართლები, რადგან კეთილად მომექცევი. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური დაუგდე ჩემს ვედრებას; მიპასუხე შენი ერთგულებითა და სიმართლით.

ფსალმუნები 142:1-8
ნუ შეხვალ სამართალში შენს მსახურთან, რადგან ვერ გამართლდება შენ წინაშე ვერც ერთი კაცი. რადგან დევნა მტერმა ჩემი სული, მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, ბნელეთში დამსვა დიდი ხნის მკვდარივით.  ამიტომ სული შემიწუხდა და გული შეძრწუნდა ჩემში. ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, მივტირი ყოველ შენს საქმეს და ვფიქრობ შენი ხელის ნამოქმედარზე. შენკენ ვიწვდი ხელებს, გამოფიტული მიწასავით მოსწყურდი ჩემს სულს. მალე მიპასუხე უფალო, გაილია ჩემი სული. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ საფლავში ჩასულს დავემგვანები. მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, ვინაიდან შენ გენდობი. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რადგან შენკენ აღვაპყარ ჩემი სული. მიხსენი ჩემს მტერთაგან უფალო; შენთან ვაფარებ თავს.